შვედებთან მატჩი თბილისში გაიმართება - „ლანჩხუთმა“ საშინაო არენა შეარჩია
შვედებთან მატჩი თბილისში გაიმართება - „ლანჩხუთმა“ საშინაო არენა შეარჩია

„ლანჩხუთის“ ოფიციალური ვებგვერდიდან შევიტყვეთ, საქართველოს ქალთა ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში შვედურ „როსენგარდს“ თბილისში უმასპინძლებს.

უეფა-ში გამართული წილისყრით ცნობილი გახდა, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ორმატჩიან დაპირისპირებაში შვედურ გუნდს შეხვდებოდა. მიახლოებითი თარიღი ცნობილი იყო – საშინაო შეხვედრას გურულები 9 ან 10 დეკემბერს გამართავდნენ, ხოლო სტუმრად 15 ან 16 დეკემბერს ითამაშებდნენ, მაგრამ სად ითამაშებდა ჩვენი ჩემპიონი და რომელ რიცხვში, ეს წილისყრის შემდეგ დაზუსტდა.

„ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩი „ლანჩხუთსა“ და „როსენგარდს“ შორის, 9 დეკემბერს, თბილისში, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე მაყურებლის გარეშე გაიმართება და 14 საათზე დაიწყება“, – ვკითხულობთ გუნდის ვებგვერდზე.

ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში გასული ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ საშინაო არენა უეფა-ს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ამიტომ, შვედეთის „როსენგარდთან“ საშინაო არენას სამი დღე არჩევდა.

მასპინძელ არენად ჯერ დასახელდა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი და გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენა, შემდეგ კი ბათუმის ახალი სტადიონი და „მიხეილ მესხი“, მაგრამ ბათუმის ახალ სტადიონს ჯერ უეფა-ს კატეგორია არ გააჩნია და ამიტომ, ჯერ იქ საერთაშორისო შეხვედრა ვერ ჩატარდება. საბოლოოდ კი არჩევანი „მიხეილ მესხზე“ შეჩერდა.