შსს-ს ინფორმაციით, გორში ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მდგმური დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტი უწყებამ ცხელ კვალზე გახსნა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გორის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული თ.კ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 1944 წელს დაბადებულ ლ.დ.-ს კუთვნილ ბინას ქირაობდა. მასთან მორიგი სტუმრობის დროს, ოქროს ნივთის მოპარვა დააპირა, რაც ლ.დ.-მ შენიშნა. ფაქტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც თ.კ.-მ ლ.დ.-ს ბოთლი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, 74 წლის ქალი ადგილზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა. ბრალდებულმა შემთხვევის ადგილის დატოვებამდე ლ.დ.-ს კუთვნილი ოქროს საყურე მოიპარა, რომელიც მოგვიანებით, რუსთავში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარა. პოლიციამ ლომბარდში ჩაბარებული ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, დაკავებული ქალი ჩადენილ დანაშაულს აღაიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.