ბრალდებულის ადვოკატს გორში სავარაუდოდ 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოებზე ინფორმაცია არ აქვს
ბრალდებულის ადვოკატს გორში სავარაუდოდ 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოებზე ინფორმაცია არ აქვს

ბრალდებულის ადვოკატს გორში სავარაუდოდ 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოებზე ინფორმაცია არ აქვს, – ამის შესახებ მაია გრიგოლაშვილმა პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ი.ნ.-ს ინტერესებს ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე იცავს. რაც შეეხება გორის პარკში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს, როგორც გრიგოლაშვილმა განმარტა, ეს ეხება 14 წლის წინანდელ ამბავს და ის ამ საქმეში ჩართული არ არის.

„ამ სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ეგ არის 14 წლის წინანდელი საქმე. ამ საქმესთან დაკავშირებით მას ჩემთან არ უსაუბრია. შესაბამისად, ინფორმირებული არ ვიყავი, რა ხდებოდა. არც იყვნენ ვალდებული, ჩემთვის შეეტყობინებინათ, რადგან ეგ ცალკე დამოუკიდებელი საქმეა.

რაც შეეხება იმ გამოძიებას, რომლშიც სავალდებულო წესით ვარ ჩართული, ბრალდებული კვლავ იმავე პოზიციაზეა, ის დუმილის უფლებას იყენებს, არაფერს ამბობს და შესაბამისად, მეტის თქმის უფლება არ მაქვს“,- განაცხადა მაია გრიგოლაშვილმა.

გორის პარკში სავარაუდოდ 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა ი.ნ.-მ მიუთითა. სწორედ ი.ნ. ფიგურირებს 14 წლის წინ დაკარგული მოზარდის საქმეში. იმ დროს მას ბრალი მხოლოდ გამოძალვის მუხლით წაუყენეს.

ი.ნ. გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.