გიორგი გახარია - გორში საგამოძიებო ექსპერიმენტში ი.ნ. მოწმის სტატუსით იღებდა მონაწილეობას
გიორგი გახარია - გორში საგამოძიებო ექსპერიმენტში ი.ნ. მოწმის სტატუსით იღებდა მონაწილეობას

გორში საგამოძიებო ექსპერიმენტში ი.ნ. მოწმის სტატუსით იღებდა მონაწილეობას, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გორის პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ პირველი არხის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. შს მინისტრი არ საუბრობს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ბრალდებულ ი.ნ.-ს საქმეში დანაშაულის კიდევ ერთ ეპიზოდზე მიმდინარეობს მოკვლევა.

„დღეის მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ გუშინ გორში ჩატარდა სპეციალური საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც ი.ნ.-ც იღებდა მონაწილეობას. ექსპერიმენტი ეხება შემთხვევას, რომელიც მოხდა 2004 წელს. ეს არის ის, რისი თქმაც მე დღეს შემიძლია. არანაირი სტატუსი ან ვინმე სხვა პირს, ან ი.ნ.-ს ამ მომენტისთვის ამ თემასთან დაკავშირებით არა აქვს“, – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გორის პარკში სავარაუდოდ 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა ი.ნ.-მ მიუთითა. სწორედ ი.ნ. ფიგურირებს 14 წლის წინ დაკარგული მოზარდის საქმეში. იმ დროს მას ბრალი მხოლოდ გამოძალვის მუხლით წაუყენეს. ი.ნ. გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.