შსს - პოლიციისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა საქართველო-ლატვიის მატჩის მშვიდობიან გარემოში ჩატარება
შსს - პოლიციისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა საქართველო-ლატვიის მატჩის მშვიდობიან გარემოში ჩატარება

პოლიციისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა საქართველო-ლატვიის მატჩის მშვიდობიან გარემოში ჩატარება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

შსს საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც.

„მატჩის მიმდინარეობის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მაქსიმალურად იცავდნენ სტადიონზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოებას. მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებისთვის და საზოგადოების თითოეულ წევრს გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებისთვის“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ გამართულ ერთა ლიგის მატჩში ლატვიის ნაკრები 1-0 დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობა განიმტკიცა.

როგორც ცნობილია, „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და გურამ კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავდნენ. დღეს საღამოს ცნობილი გახდა, რომ „ქართული მარშის“ რამდენიმე წევრი გამოკითხვაზე გადაიყვანეს, რაც შსს-ს ცნობით, გურამ კაშიას მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.