შსს - ხანძრის დროს გარდაცვლილთა ცხედრების ექსპერტიზა დასრულდა და ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია
შსს - ხანძრის დროს გარდაცვლილთა ცხედრების ექსპერტიზა დასრულდა და ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია

ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილს ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები ათვალიერებენ, მიმდინარეობს ნიმუშების აღება, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, უკვე ჩატარდა ცხედრების სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოკითხვები და სხვა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.

ბათუმში ხანძრის დროს დაღუპულების გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.