შსს - ჩვენი ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა
შსს - ჩვენი ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა

ჩვენი ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა განუცხადა.

პოლიციის განყოფილებაში მოზარდის მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა, თუმცა იმ კითხვებს, რაც დღეს არსებობს საზოგადოებაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი ექნება გაცემული. ამასთან, როგორც აღვნიშნე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მოთხოვნილი მასალა ჩვენს მიერ უკვე მიეწოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს“, -განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.