შრი-ლანკაში დღეიდან საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება
შრი-ლანკაში დღეიდან საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება

შრი-ლანკის მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო.

მათრიაპალა სირისენას განკარგულებით, შრი-ლანკის მთავრობა ტერაქტების გამოძიებაში დახმარებას სხვა ქვეყნებს სთხოვს.

„დაზვერვის ინფორმაციით, ადგილობრივ თავდამსხმელებს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციები ეხმარებოდნენ. პრეზიდენტი უცხო ქვეყნების დახმარებას მოითხოვს“, – ნათქვამია შრი-ლანკის პრეზიდენტის აპარატის განცხადებაში.

როგორც „დეილი მირორი“ (Daily Mirror) იუწყება, შრი-ლანკის ხელისუფლებამ ძალოვანი უწყებების უფლებამოსილების გაზრდის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

მანამდე ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ კოლომბოში უსაფრთხოების დასაცავად 1000-ზე მეტი სამხედრო გაგზავნეს.

შრი-ლანკაში 21 აპრილს რვა აფეთქება მოხდა, რასაც 290 ადამიანი ემსხვერპლა.