შოტლანდიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გლაზგოში აქცია გაიმართა
შოტლანდიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გლაზგოში აქცია გაიმართა

გლაზგოში ათიათასობით ადამიანმა შოტლანდიის დამოუკიდებლობა მოთხოვა. ინფორმაციას დემონსტრაციის შესახებ BBC ავრცელებს. ყოველწლიური დემონსტრაციის ორგანიზატორი ჯგუფი „ყველა ერთი დროშის ქვეშ“ იყო. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, იმედოვნებდნენ, რომ აქციაში 40 ათასამდე ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა წინასწარი შეფასებით, დემონსტრაციაზე 80 ათასი მოქალაქე მივიდა. შოტლანდიის პოლიციის მონაცემებით კი, აქციაში 35 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

ორგანიზაცია „ყველა ერთი დროშის ქვეშ“ შოტლანდიის დამოუკიდებლობის გამოცხადებას უჭერს მხარს. მისი ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მსგავს აქციებს რეგულარულად გამართავენ, ვიდრე შოტლანდია დამოუკიდებელი არ გახდება. მარშის ერთ-ერთი კოორდინატორი ნილ მაკკეი დარწმუნებულია, რომ უახლოეს წლებში შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ მეორე რეფერენდუმი გაიმართება.

შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 2014 წლის სექტემბერში გაიმართა. მაშინ რეფერენდუმის მონაწილეთა 55%-მა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი.