გლაზგოში კლიმატთან დაკავშირებული მასშტაბური სამიტი იხსნება
გლაზგოში კლიმატთან დაკავშირებული მასშტაბური სამიტი იხსნება

შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში დღეს კლიმატთან დაკავშირებული სამიტი იხსნება, სახელწოდებით COP26, რომელშიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ღონისძიების მონაწილეთა შორის იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით იმართება. გლაზგოში გასამართი შეხვედრების მთავარი მიზანი 2015 წელს ხელმოწერილი „კლიმატთან დაკავშირებული პარიზის შეთანხმების“ პირველი შედეგების შეჯამებაა.

მოცემული სამიტი კორონავირუსული პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო და ამჟამად ეს არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გამართულა. ქალაქ გლაზგოში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.

პირველი ორი დღის განმავლობაში დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერთა პერსონალური შეხვედრებია დაგეგმილი. ისინი განიხილავენ, თუ რამდენად შეასრულა თითოეულმა ქვეყანამ თავისი ვალდებულებები „პარიზის შეთანხმების“ ძირითადი პუნქტების შესრულების პროცესში, რომლებიც წარმოადგენს სასათბურე აირების ემისიის შემცირებას, განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდას, გლობალური ტემპერატურის მატების შეკავებას და ღარიბი ქვეყნებისთვის შესაბამისი სახსრების გამოყოფას კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით.

სამიტი თითქმის ორი კვირის 12 ნოემბრამდე გაგრძელდება. ორგანიზატორები არ გამორიცხავენ, რომ გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, ღონისძიება ორი დღით კიდევ გაგრძელდეს.