შოტლანდია დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის გამართვის შესაძლებლობას განიხილავს
შოტლანდია დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის გამართვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ განცხადება შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯონმა გააკეთა.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოდან შოტლანდიის გამოყოფის შესახებ საყოველთაო გამოკითხვის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ, შოტლანდიის მთავრობა „ბრექსითის“ პროცესში მეტი სიცხადის შემდეგ იმსჯელებს.
„როგორც კი ჩვენ გვექნება შედარებით ჩამოყალიბებული და მკაფიო შედეგები „ბრექსითისა“ და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირთან სამომავალო ურთიერთობების შესახებ, რაც ჩვენ იმედი გვაქვს წელს შემოდგომაზე გაირკვევა, სწორედ ამ დროს განვიხილავთ რეფერენდუმის გამართვის თარიღს“, – განაცხადა ნიკოლა სტარჯონმა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მარტში შოტლანდიის პირველმა მინისტრმა განაცხადა, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის გამართვა სავარაუდოდ, 2018 წლის შემოდგომიდან 2019 წლის გაზაფხულამდე პერიოდში გაიმართება, ანუ სანამ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს.
შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რეფერენდუმი 2014 წელს გაიმართა, მოქალაქეების უმეტესობამ გაერთიანებულ სამეფოში დარჩენა ისურვა.