შორეულ ეგზოპლანეტაზე 33 000 კმ/სთ სიჩქარის ქარი დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
შორეულ ეგზოპლანეტაზე 33 000 კმ/სთ სიჩქარის ქარი დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება

ერთ მოზრდილ ეგზოპლანეტაზე, ეკვატორთან ქარი იმაზე თითქმის 30-ჯერ სწრაფად ქრის, ვიდრე ბგერის სიჩქარეა დედამიწაზე.

გერმანიის გოტინგენის უნივერსიტეტის მკვლევარი ლიზა ნორტმანი და მისი კოლეგები ეგზოპლანეტა WASP-127b-ს ჩილედან დააკვირდნენ, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ძალიან დიდი ტელესკოპით (VLT). ეს გაზის გიგანტი პლანეტა დედამიწიდან დაახლოებით 500 სინათლის წლით მდებარეობს. ზომით იუპიტერზე ოდნავ დიდია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მკვრივი პლანეტაა ჩვენთვის ცნობილთა შორის.

ჯგუფი ვარაუდობდა, რომ პლანეტის ატმოსფეროში იხილავდა სინათლის სიგნალს, რომელსაც ერთი განსხვავებული პიკი ჰქონდა, მაგრამ ამის ნაცვლად, ორი ცალკეული პიკი დააფიქსირეს.

„ცოტა დავიბენი. თუმცა, მონაცემთა ცოტა უფრო დეტალური ანალიზით აშკარა გახდა, რომ იქ ორი სიგნალი იყო. საკმაოდ ავღელდი — იმ მომენტში ვიფიქრე, რომ ის ერთ-ერთი სუპერჩქარი ქარი იყო“, — ამბობს ნორტმანი.

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ორი პიკი მოდიოდა პლანეტის ეკვატორის გარშემო ჭავლური ნაკადის სწრაფი ქარებიდან; ქარის ნახევარი დედამიწის მიმართულებით მოძრაობდა, მეორე ნახევარი კი საპირისპირო მიმართულებით. ქარი წყლისა და ნახშირბადის მონოოქსიდისგან (ნახშირჟანგი) შედგება და 33 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. შედეგად, ეს ყველაზე სწრაფი ქარია ჩვენთვის ცნობილ პლანეტებზე გაზომილთა შორის.

„საუბარია წამში 9 კილომეტრზე. ქარის სიჩქარე იუპიტერზეც კი წამში რამდენიმე ასეული მეტრია“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი ვივიენ პარმანტიე.

ქარი პლანეტის ცხელი მხრიდან ცივისკენ ქრის. ცხელი მხარე მუდამ ვარსკვლავისკენაა მოქცეული და სულ დღეა, ცივი მხარე კი მუდმივ წყვდიადშია ჩაფლული.

მკვლევრებმა ჯერ დაზუსტებით არ იციან, რატომ ქრის WASP-127b-ზე ასეთი ექსტრემალური ქარი, მაგრამ როგორც ნორტმანი აღნიშნავს, პლანეტას გარკვეული გამორჩეული მახასიათებლები აქვს, მაგალითად, დაბალი სიმკვრივე, არამყარი ორბიტა დედავარსკვლავის გარშემო და ეს ყველაფერი შეიძლება გარკვეულ როლს თამაშობდეს.

„თუმცა, ამ ფაქტებსა და განსაკუთრებით ძლიერ ქარს შორის კავშირი ჯერ არ დადგენილა“, – აღნიშნავს ნორტმანი.

კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.