ლაშა შინდაგორიძე საქართველოში დაბრუნდა და ჯვარედინ იოგებზე ოპერაციას თბილისში გაიკეთებს – სოლიგორსკის „შახტიორის“ ქართველ ნახევარმცველზე გამოცემა „ტრიბუნასთან“ კლუბის დირექტორმა ანდრეი ლეონჩიკმა ილაპარაკა.
ლაშა შინდაგორიძე აპრილში, ბელარუსის ჩემპიონატის მეოთხე ტურში „სმოლევიჩთან“ მატჩის დებიუტშივე დაშავდა. ლეგიონერმა მაღალი გადაცემისას ბურთის მიღების დროს ფეხი ძალიან წარუმატებლად შეაბრუნა.
ლეონჩიკის თქმით, ქართველს ამის შემდეგ მაინც გაუმართლა და სერგეი პოლიტევიჩის მაგალითზე ილაპარაკა. საქმე ისაა, რომ ბელარუსის ჩემპიონატის ბოლო ტურში „შახტიორისა“ და ბელარუსის ნაკრების მცველმა პოლიტევიჩმა შინდაგორიძის მსგავსად, ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. მაგრამ ის ევროპაში გამგზავრებას და ოპერაციის გაკეთებას ვერ ახერხებს.
„ტრიბუნამ“ შინდაგორიძესთან დაკავშირებით სოლიგორსკელთა დირექტორის, ანდრეი ლეონჩიკის კომენტარი გამოაქვეყნა.
„შინდაგორიძე საქართველოს მოქალაქეა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ოპერაცია ჩაუტარდება. ის თბილისში კარანტინის პერიოდს იმ საავადმყოფოში გაატარებს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდება. შინდაგორიძე იქვე რეაბილიტაციის პირველ ეტაპსაც გაივლის“ – ამბობს „შახტიორის“ ხელმძღვანელი.
თუმცა, თავიდან პრობლემები შინდაგროიძესაც ჰქონდა, რადგან 26 წლის თავდამსხმელი ევროპაში უნდა წასულიყო, სადაც მსგავსი ოპერაცია ორი წლის წინაც გაუკეთეს. მაგრამ პრობლემა ის გახდა, რომ ყველა საზღვარი დაკეტილია და ეს ვერ მოახერხა. ახლა კი, საქართველოშია და ოპერაციას გაიკეთებს.