შემოსავლების სამსახური ხორბლის იმპორტიორებს, რომლებიც აქციებს მართავენ, დიალოგს სთავაზობს
შემოსავლების სამსახური ხორბლის იმპორტიორებს, რომლებიც აქციებს მართავენ, დიალოგს სთავაზობს

ხორბლის იმპორტიორებს, რომლებიც ლილოში მდებარე გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან აქციებს მართავენ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი შეხვდა.

როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, ფინანსთა სამინისტრო აქციის მონაწილეებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის. მისი თქმით, აქციის მონაწილეები კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს საინიციატივო ჯგუფის შექმნა შესთავაზეს.

ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეებთან დიალოგი მაშინ დაიწყება, როცა გეზ-ი მუშაობას განაახლებს.

ამასთან, აქციის მონაწილეებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი შეხვდა. როგორც ლერი ბარნაბიშვილმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, თუ გეზ-ი კვლავ ამუშავდება.

აქციის გამო, გეზ-ის მუშაობა შეფერხებულია. აქციის მონაწილეების თქმით, თუ ფინანსთა მინისტრი ხორბლის სახმელეთო იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას არ შეცვლის, აქციები მასშტაბურ სახეს მიიღებს.

ხორბლის იმპორტიორები ფინანსთა სამინისტროს ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ. მათ  მთავრობას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს. ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა-გატანის აკრძალვა 15 სექტემბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შექმნილი ვითარების შესახებ განცხადება გაავრცელა.