30 ივლისს, გამთენიისას ქართული კალათბურთისთვის ისტორიული მოვლენა დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მძიმე ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი გასული სეზონის ჩემპიონმა „მილუოკი ბაქსმა“ დაიმატა და ამით 22 წლის მოთამაშე გახდა მე-7 ქართველი ისტორიაში, რომელიც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე აირჩიეს.
სანდრო მეორე წრეში 24-ე ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია და შემდეგ „ბაქსში“ გაუშვა, შესაბამისად კალათბურთის საუკეთესო ლიგაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება. გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გარდა, შესაძლოა კონტრაქტი გაუფორმონ ავსტრიის მოქალაქე ქართველ მძიმე ფორვარდს, გიორგი ბეჟანიშვილს, რომელიც „დენვერ ნაგეტსმა“ საზაფხულო ლიგაში სათამაშოდ მიიწვია.
🇬🇪🇬🇪🇬🇪@Mamukelashvili5 x Giorgi Bezhanishvili pic.twitter.com/UwX7DQOg7g
— Milwaukee Bucks (@Bucks) August 17, 2021
NBA-ის საზაფხულო ლიგას მოუთმენლად ველოდით, რადგან პირველად ისტორიაში 3 ქართველ კალათბურთელს უნდა მიეღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, ბითაძე „პეისერსს“ პირადი მიზეზების გამო გამოაკლდა.
რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, მას ლას ვეგასში, MGM Resorts-ში მიმდინარე საზაფხულო ლიგაზე გულშემატკივრებისა და კრიტიკოსებისათვის საკმაოდ ბევრი რამ უნდა დაემტკიცებინა. „ბაქსმა“ ლიგის დაწყებამდე ქართველ კალათბურთელთან ორმხრივი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც სანდროს „მილუოკი ბაქსში“ და G ლიგის გუნდში, „ვისკონსინ ვერდში“ თამაშის უფლება ექნება, ხელშეკრულების მიხედვით მამუს 50 თამაშში მონაწილეობის მიღება შეეძლება, დანარჩენ დროს კი განვითარების ლიგაში გაატარებს.
სანდრომ საერთო ჯამში საზაფხულო ლიგა შესანიშნავად წარმართა, რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, რომლებიც გამოსწორებადია და გამოცდილებასთან ერთად გაქრება.
22 წლის კალათბურთელმა სადებიუტო შეხვედრაშივე ორმაგი დუბლი გაიფორმა, რის შემდეგაც ყველას ყურადღება მიიქცია. მამუკელაშვილს მაღალი მოთამაშისთვის არადამახასიათებელი თვისებები აქვს და მისი არსენალი არაერთი განსხვავებული უნარებითაა დაკომპლექტებული. ამაზე მისი პასების მაჩვენებელიც მეტყველებს. „კლიპერსთან“ პირველ მატჩში მან 4 პასი შეასრულა, რაც ამერიკულ მედიას არ გამორჩენია, საერთო ჯამში კი მას საზაფხულო ლიგაზე 11 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. სანდრომ რამდენიმე ინტერვიუში უკვე განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი საყვარელი კალათბურთელი ტონი კუკოჩია, რომელიც სწორედ ამ თვისებით გამოირჩეოდა და მისი ათლეტიზმის მიუხედავად, ბურთის კონტროლი და პასის გაცემა შესანიშნავად შეეძლო.
მამუკელაშვილი საზაფხულო ლიგაზე შეტევაში შეუჩერებელი იყო
სანდრომ ხუთივე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 132.3 წუთი ითამაშა, მან ჯამში 56 ქულა დააგროვა და მეტოქის კალათსაც მაღალი პროცენტით უტევდა. შეტევის წამოწყების დროს მეტოქის ნახევარზე სწრაფად გადასვლა, სწორი გადაადგილება და მოხსნების დროს კარგი ადგილის შერჩევა დაეხმარა მას ქულების მოპოვებაში.
მამუკელაშვილი მეტოქის ფარს 45.2%-ით უტევდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. პერიმეტრიდან ის შედარებით უფრო ცუდად გამოიყურებოდა, მაგრამ „დენვერთან“ ბოლოს ჩატარებულ მატჩში ყველას დაანახა, რომ ეს უნარიც აქვს და გარკვეული დროის შემდეგ ამ კომპონენტსაც გამოასწორებს. სტატისტიკისთვის, სანდრო სამქულიანებს 25% სიზუსტით ისროდა, მან ხუთივე მატჩში ერთად შორი მანძილიდან ბურთი 12-ჯერ ისროლა და სამჯერ კალათში მოათავსა, სამივე ეს ბურთი „ბაქსის“ 54-მა ნომერმა „ნაგეტსთან“ შეხვედრაში ჩააგდო.
აღსანიშნავია სანდროს საჯარიმოს ხაზიდან სროლის სიზუსტე. მან 18-დან 15 ბურთი ჩააგდო. თუ გასული სეზონის სტატისტიკებს გადავხედავთ, 83.3 პროცენტზე მეტი მაჩვენებლით NBA-ში 54 კალათბურთელი ისროდა. რა თქმა უნდა, სროლის სიხშირის ზრდასთან ერთად ეს მაჩვენებელიც ცოტათი დაიკლებს, მაგრამ მისი პოზიციის მოთამაშისათვის ეს კარგი ციფრებია.
The rookie @Mamukelashvili5 did his thing at @NBASummerLeague. pic.twitter.com/22yDEubCEj
— Milwaukee Bucks (@Bucks) August 17, 2021
სანდრო რიგ ეპიზოდებში დაცვაშიც გამოირჩეოდა
ბევრი კითხვა ჩნდებოდა მამუკელაშვილის დაცვით უნარებზე, რის გამოც „მილუოკის“, დრაფტზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, აკრიტიკებდნენ. სანდრომ ამის შესახებ „ბრუკლინ ნეტსთან“ შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი, როგორც მცველს არ მაფასებს, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ყველა თამაშზე ისე გავდივარ, თითქოს ეს იყოს ჩემთვის უკანასკნელი და მთელ გულს ვდებ. კონცენტრირებული ვარ დაცვით თამაშზე, რამდენადაც შემიძლია, საუკეთესო მცველი გავხდები და ყველას დავუმტკიცებ, რომ ცდებიან.“
მის ამ სიტყვებს საზაფხულო ლიგის მატჩებში მოპოვებული 7 ჩაჭრაც ადასტურებს. სანდრო მეტოქის შეტევებს კარგად კითხულობს და დაცვაში თამაშის დროს მაქსიმალურად კონცენტრირებულია.
„ბაქსს“ მამუკელაშვილის გამოყენება ცენტრის პოზიციაზეც შეუძლია
211 სანტიმეტრი მძიმე ფორვარდისთვის კარგია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ „ბაქსის“ სათამაშო სტრატეგიას, მაშინ მამუ ამ გუნდში ცენტრის პოზიციაზეც მოიაზრება. ერთ-ერთი გამოცემის თანახმად, ბრუკ ლოპესის წასვლის შემდეგ, ის „მილოუკის“ ვარსკვლავური ცენტრი გახდება და იანის ანტეტოკუნმპოს კარგად შეუწყვილდება. ეს უნარები 22 წლის კალათბურთელმა ნაწილობრივ წარმოაჩინა. სანდროს კარგად შეუძლია ბლოკის დაყენება და თანაგუნდელებისათვის შეტევაში სივრცის გახსნა. მოხსნების დროს ის ყოველთვის სწორ ადგილას დგას და დაცვის გარდა მეტოქის ფარქვეშაც აქტიურობს. მამუკელაშვილმა 5 მატჩში 43 მოხსნა დააგროვა, საიდანაც 18 შეტევაში იყო. ამ ყველა კომპონენტის გარდა მას გააჩნია თვისება, რომელსაც NBA-ის ყველა გუნდი დიდ ყურადღებას აქცევს და მოწინააღმდეგეებსაც ასეთი მეტოქის წინააღმდეგ თამაში უჭირთ – სანდრო საკმაოდ სწრაფად გადაადგილდება და სამქულიანის სროლაც შეუძლია, შესაბამისად პერიმეტრის ხაზთან მეტოქის ცენტრის ამოყვანა შეუძლია, რითიც სამწამიანში ღია სივრცეს ტოვებს.
ლას ვეგასში მისმა ასპარეზობამ არაერთი ჟურნალისტის მოწონება დაიმსახურა. ზოგიერთის აზრით, ის NBA-ში თამაშს ამ სეზონშივე იმსახურებს.
„მამუკელაშვილს NBA-ში თამაშის შანსს მისცემენ. არ ვიცი როტაციას როგორ მოერგება ან რა როლი ექნება გუნდში, მაგრამ მას ყველაფრის დანახვა შეუძლია და პარკეტზეც სწორედ გადაადგილდება“, – განაცხადა The Athletic-ის ჟურნალისტმა „ვაშინგტონთან“ თამაშის შემდეგ, სადაც სანდრომ მეორე ორმაგი დუბლი გაიფორმა.
Mamukelashvili’s feel is gong to give him a chance in the NBA. I don’t know exactly how he will fit into a rotation or what position he will play, but he just sees things and moves around the floor the right way.
— Eric Nehm (@eric_nehm) August 15, 2021
ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი კალათბურთელი განვითარების სწორ გზაზეა. მას ყველანაირი პოტენციალი აქვს იმისათვის, რომ „მილუოკი ბაქსის“ როტაციაში და შემდეგ უკვე ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდროს ადგილი, ამ ყველაფერს კი დრო გვიჩვენებს.
NBA წინასასეზონო მატჩებით 3 ოქტომბერს დაგვიბრუნდება, 19 ოქტომბერს კი რეგულარული სეზონი დაიწყება.