მამუკელაშვილის შოუ გრძელდება - სანდროს ორმაგი დუბლი „ვაშინგტონთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
მამუკელაშვილის შოუ გრძელდება - სანდროს ორმაგი დუბლი „ვაშინგტონთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

ლას ვეგასში MGM Resorts-ში მიმდინარე NBA-ის საზაფხულო ლიგა დასასრულს უახლოვდება. გუნდები ბოლო მატჩებს მართავენ და „მილუოკიმაც“, სადაც სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს, ბოლოსწინა შეხვედრა ჩაატარა. „ბაქსი“ „ვაშინგტონ ვიზარდსს“ დაუპირისპირდა და 83:93 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი, ისევე როგორც წინა შეხვედრებში, ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო და ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. მამუკელაშვილმა 27 წუთში ორმაგი დუბლი გაიფორმა, მის ანგარიშზე 11 ქულა, 10 მოხსნა (3 შეტევაში, 7 დაცვაში), 5 პასი და 4 ჩაჭრა იყო. სანდრომ საშუალო დისტანციიდან 9-დან 4 სროლა გამოიყენა, პერიმეტრიდან კი 2-ჯერ ისროლა და უშედეგოდ. 22 წლის მძიმე ფორვარდი საჯარიმოს ხაზიდან კვლავ უნაკლოდ გამოიყურებოდა და 3-დან 3 ბურთი ჩააგდო. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში გუნდმა 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც „ბაქსის“ მხრიდან ჯალენ კრაჩერთან ერთად საუკეთესო შედეგია.

მამუკელაშვილი შეტევასთან ერთად დაცვაშიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა, რაზეც მისი ჩაჭრების რაოდენობაც მიგვანიშნებს.

„ბაქსის“ კარგი შეტევა ქართველმა მძიმე ფორვარდმა ჩატენვით დააგვრიგვინა.

სანდრომ ერთ-ერთ ეპიზოდში ეფექტური მოძრაობით ბურთი კალათში მოათავსა და ჯარიმაც მოიპოვა.

„მილუოკის“ მხრიდან ყველაზე შედეგიანები ჯორდან ნვორა და მამადი დიაკიტე იყვნენ 18-18 ქულით. მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მამუ თავის გუნდში საუკეთესო იყო.

მამუკელაშვილისთვის „ბაქსის“ შემადგენლობაში ეს უკვე მე-2 ორმაგი დუბლია. პირველად ეს მან სადებიუტი შეხვედრაში „კლიპერსთან“ მოახერხა.

შემდეგ მატჩს სანდროს გუნდი ხვალ, 16 აგვისტოს „დენვერის“ წინააღმდეგ გამართავს, რომელიც საზაფხულო ლიგის ეგიდით „მილუოკისთვის“ ბოლო იქნება. შეგახსენებთ, რომ „ნაგეტსში“ შემოწმებას გადის გიორგი ბეჟანიშვილი, რომელსაც წარმატებულად გამოსვლის შემთხვევაში, კონტრაქტს გაუფორმებენ, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ორი მატჩია 22 წლის კალათბურთელს თავის გამოჩენის შანსი არ ეძლევა.