მამუკელაშვილის 11 ქულა და 12 მოხსნა - სანდრომ საზაფხულო ლიგა ორმაგი დუბლით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
მამუკელაშვილის 11 ქულა და 12 მოხსნა - სანდრომ საზაფხულო ლიგა ორმაგი დუბლით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

ლას ვეგასში NBA-ის საზაფხულო ლიგა აქტიურად მიმდინარეობს და თითქმის ყველა გუნდმა თავიანთი პირველი შეხვედრა გამართა. თავისი მატჩი ჩაატარა „მილოუკიმ“, სადაც საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი, 22 წლის სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს. „ბაქსი“ დღეს „კლიპერსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 3-ქულიანი სხვაობით 81:78 დაამარცხა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მამუკელაშვილს ახალ გუნდში იდეალური დებიუტი ჰქონდა. მან 29 წუთი ითამაშა, რა დროშიც ორმაგი დუბლის გაფორმება მოასწრო. სანდროს ანგარიშზე 11 ქულა, 12 მოხსნა (6-6 დაცვაში და შეტევაში), 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. ახალგაზრდა მოთამაშემ პერიმეტრიდან ბურთის ჩაგდება 2-ჯერ სცადა, მაგრამ ორივეჯერ უშედეგოდ. საშუალო დისტანციიდან კი ბურთი 6-ჯერ ისროლა და კალათში ზუსტად 3-ჯერ მოათავსა. მამუკელაშვილი საჯარიმოს ხაზიდან ძალიან კარგად გამოიყურებოდა და 6 მცდელობიდან 5 გამოიყენა. მან 3-ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა. მისი პარკეტზე ყოფნის პერიოდში გუნდმა საერთო ჯამში 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

მამუკელაშვილს ამ შეხვედრაში არაერთი გამორჩეული მომენტი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ „მილუოკი ბაქსმა“ სანდროსთან ორმხრივი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მას ექნება შესაძლებლობა ითამაშოს, როგორც NBA-ში, ასევე განვითარების ლიგაში. ამ კონტრაქტის მიხედვით მოთამაშეს უფლება აქვს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მაქსიმუმ 50 შეხვედრა ჩაატაროს.

შემდეგ მატჩს „ბაქსი“ ხვალ, ღამის 12 საათზე „ბრუკლინ ნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.

დატოვე კომენტარი