სანდრო მამუკელაშვილი - მსურს, იანისისგან რაც შეიძლება მეტი ვისწავლო #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილი - მსურს, იანისისგან რაც შეიძლება მეტი ვისწავლო #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილი ლას ვეგასში მიმდინარე NBA-ის საზაფხულო ლიგაზე ძალიან კარგად გამოიყურება და დღითი დღე ამტკიცებს, რომ დიდი პოტენციალი აქვს და განვითარება შეუძლია. 22 წლის მძიმე ფორვარდი „კლიპერსთან“ მატჩის შემდეგ, სადაც მან 11 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, „ბრუკლინ ნეტსსდაუპირისპირდა და მორიგ ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა (10 ქულა და 8 მოხსნა).

მატჩის შემდეგ, მამუკელაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ორგანიზაციის შესახებ ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ სურს იანის ანტეტოკუნმპოსგან, ჯრუ ჰოლიდეისგან და კრის მიდლტონის​გან რაც შეიძლება მეტი ისწავლოს.

„პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ ეს ორგანიზაცია მომწონს, რადგან ისინი ეხმარებიან მოთამაშეებს განვითარებაში და „სეტონ ჰოლიც“ ზუსტად ასეთი გუნდი იყო. ვფიქრობ, რომ წლების განმავლობაში ისინი მეხმარებოდნენ განვითარებაში და დამეხმარნენ უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად. „ბაქსში“ მოსვლის შემდეგ, მივხვდი როგორ კარგ გუნდში მოვხვდი. სიმართლე რომ გითხრათ, კარგი მოსწავლე ვარ და მსურს, რაც შეიძლება მეტი მოვუსმინო იანისს, ჯრუსა და კრისს. ეს პროცესი ერთი ან ორი წელი არ გაგრძელდება, ეს 10-წლიანი პროცესია და უბრალოდ მოხარული ვარ ამ გუნდში ყოფნით. რა თქმა უნდა, ჩემი როლი აქ დიდი არ იქნება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ წლების განმავლობაში უფრო და უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს. NBA-ში არასდროს იცი როდის დაგიძახებენ და ყოველთვის 100 პროცენტით მზად უნდა იყო სათამაშოდ. დიდი ალბათობით, უფრო მეტ დროს G ლიგის გუნდში, „ვისკონსინ ვერდში“ გავატარებ და რა თქმა უნდა, ესეც დიდი შესაძლებლობაა, რადგან იქ ყოველთვის ვეცდები ჩემი კალათბურთი ვაჩვენო.“

სანდრომ მის დაცვით თამაშზე ილაპარაკა, რის გამოც, მისი აზრით, ბევრი აკრიტიკებს.

„ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი, როგორც მცველს არ მაფასებს, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ყველა თამაშზე ისე გავდივარ, თითქოს ეს იყოს ჩემთვის უკანასკნელი და მთელ გულს ვდებ. კონცენტრირებული ვარ დაცვით თამაშზე, რამდენადაც შემიძლია, საუკეთესო მცველი გავხდები და ყველას დავუმტკიცებ, რომ ცდებიან.“

„მილუოკი ბაქსი“ შემდეგ შეხვედრას საზაფხულო ლიგაზე ხვალ, 23:59 საათზე „მინესოტას“ წინააღმდეგ გამართავს.