მამუკელაშვილის 10 ქულა და ეფექტური ჩატენვა - „ბაქსი“ „ნეტსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
მამუკელაშვილის 10 ქულა და ეფექტური ჩატენვა - „ბაქსი“ „ნეტსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ლას ვეგასში MGM Resorts-ში NBA-ის საზაფხულო ლიგა მიმდინარეობს, რომელიც 17 აგვისტომდე გაგრძელდება. დღეს ჩვენთვის საინტერესო მატჩი გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ „ბრუკლინ ნეტსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 91:97 დამარცხდა.

22 წლის ქართველი მძიმე ფორვარდი, რა თქმა უნდა, დღესაც სასტარტო ხუთეულში იყო და როგორც წინა მატჩში, თავი ამჯერადაც გამოიჩინა. სანდრომ პარკეტზე 29 წუთი გაატარა და ამ დროში მან 10 ქულის, 8 მოხსნის (3 შეტევაში, 5 დაცვაში), 1 დაფარებისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. მან თამაშიდან 6-ჯერ ისროლა და 3-ჯერ მოათავსა ბურთი კალათში, აქედან ერთხელ მამუკელაშვილმა სამქულიანიც ისროლა, მაგრამ უშედეგოდ, საჯარიმოს ხაზიდან კი დღესაც კარგად გამოიყურებოდა და პირველ მეოთხედში გაფუჭებული 2 ერთქულიანის შემდეგ, ზედიზედ 4 ჩააგდო. მატჩის განმავლობაში მას 3 პერსონალური ფოლი დაუგროვდა.

სანდროს შეხვედრაში არაერთი გამორჩეული მომენტი ჰქონდა, რასაც კომენტატორებიც აღნიშნავდნენ. მთელი მატჩის განმავლობაში ისინი მამუკელაშვილის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ და მას საინტერესო მოთამაშეს უწოდებდნენ.

მამუკელაშვილის ეფექტური შესვლა და ჩატენვა

სანდრო „ბაქსის“ საზაფხულო ლიგის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, რასაც პარკეტზე მისი აქტიურობაც ადასტურებს

„მილუოკიში“ საუკეთესო, ამჯერადაც ჯორდან ნვორა იყო, რომელმაც 22 ქულა დააგროვა. „ბრუკლინიდან“ კი ასევე 22 ქულით დრაფტზე პირველ წრეში 27-ე ნომრად არჩეული კამერონ ტომასი გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილისთვის „ბაქსის“ შემადგენლობაში მეორე მატჩი იყო. მან სადებიუტო შეხვედრა „კლიპერსთან“ ჩაატარა, სადაც 11 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. შემდეგ მატჩს სანდროს გუნდი ხვალ „მინესოტასთან“ გამართავს.