შალვა პაპუაშვილი - „სამართლიანმა არჩევნებმა“ უნდა იზრუნოს მეტ გამჭვირვალობაზე და ყველა ინფორმაცია, რომლის დახურულ შეხვედრაზე მოწოდება სურთ, საჯარო გახდეს საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი - „სამართლიანმა არჩევნებმა“ უნდა იზრუნოს მეტ გამჭვირვალობაზე და ყველა ინფორმაცია, რომლის დახურულ შეხვედრაზე მოწოდება სურთ, საჯარო გახდეს საზოგადოებისთვის

მნიშვნელოვანია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ განსაკუთრებულად იზრუნოს მეტ გამჭვირვალობაზე და ყველა ინფორმაცია, რომელიც სურთ, დახურულ შეხვედრაზე მოგვაწოდონ, საჯარო გახდეს საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პირველ ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის ორი ძირითადი მიგნებიდან, ორივე აღმოჩნდა მცდარი, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო პარალელური დათვლის შედეგების შეჯამების პროცესში პროფესიული სტანდარტის დარღვევით.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 29 იანვარს ჩატარებულ პრესკონფერენციას, რომელიც უბნების 8%-ზე დისბალანსის შესახებ მათ თავდაპირველ განცხადებას ეხებოდა.

როგორც იცით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჩაატარა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლა და 1 ნოემბერს წარმოდგენილ ანგარიშში ხაზი გაუსვა ორ ძირითად მიგნებას – კერძოდ, მათ მაშინ განაცხადეს, პირველი, რომ ცესკოს მონაცემები არ ემთხვეოდა პარალელური დათვლის შედეგებს და მეორე, უბნების 8%-ში იყო მეტობით დისბალანსი, რასაც შესაძლებელია ჰქონოდა 4,1%-იანი გავლენა არჩევნების შედეგებზე.

საზოგადოებას ახსოვს, რომ სწორედ ეს ორი მიგნება გამოიყენეს ჩვენმა ოპონენტებმა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებისთვის. საზოგადოებას ასევე ახსოვს, რომ ჩვენ პირველივე დღეებში შევიტანეთ ეჭვი ამ მიგნების სისწორეში და მოვუწოდებდით „სამართლიან არჩევნებს“, გადაემოწმებინა ეს შედეგები.

არჩევნებიდან ერთი თვის თავზე, 11 დეკემბერს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღიარა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი, ვინაიდან მათ ხმების საერთო რაოდენობაზე მითვლილი ჰქონდათ ბათილი ბიულეტენები და დაადასტურეს, რომ ამ მონაცემების შესწორების შემდეგ პარალელური დათვლის შედეგები დაემთხვა ცესკო-ს შედეგებს. ამასთან, გაირკვა ისიც, რომ სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელობამ ამ ხარვეზის შესახებ მალევე შეიტყო, თუმცა თითქმის ერთი თვე ამ ინფორმაციას არ უმჟღავნებდა საზოგადოებას.

როგორც თქვენ გახსოვთ, ჩვენ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ მათი მეორე მიგნებაც, რომ თითქოს უბნების 8%-ზე იყო მეტობით დისბალანსი, რასაც შეეძლო არჩევნების შედეგებზე 4,1%-იანი გავლენა მოეხდინა. სწორედ ამ საკითხს, თითქმის სამი თვის დაგვიანებით, მიეძღვნა სამართლიანი არჩევნების 29 იანვრის პრესკონფერენცია და ამ პრესკონფერენციიდან ჩვენ გავიგეთ, რომ პირველი, მეტობით დისბალანსიანი უბნების დაანგარიშებისას „სამართლიან არჩევნებს“ არ ჰქონდა გათვალისწინებული შესწორების ოქმები, ხოლო მათი გათვალისწინების შემდეგ, მეტობით დისბალანსის მქონე უბნების რაოდენობა დაემთხვა ცესკო-ს მონაცემებს – კერძოდ, „სამართლიანი არჩევნების“ განახლებული მონაცემებით ეს იყო უბნების 0,4% და არა 8%, როგორც ისინი თავდაპირველად აცხადებდნენ, ხოლო ცესკო-ს მონაცემებით – 0,5%.

და მეორე, „სამართლიანმა არჩევნებმა“ სრულად უკან წაიღო მისი თავდაპირველი განცხადება, რომ დისბალანსის შესაძლო გავლენა შედეგზე 4,1% შეიძლება ყოფილიყო.

შესაბამისად, დადასტურდა, რომ პირველ ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის ორი ძირითადი მიგნებიდან, ორივე აღმოჩნდა მცდარი, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო პარალელური დათვლის შედეგების შეჯამების პროცესში პროფესიული სტანდარტის დარღვევით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს პრეტენზია ზოგიერთი უბნის შესწორების ოქმის მიმართ, „თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი მრავალგზის მოწოდების მიუხედავად, ისინი დღემდე არ ასაჯაროებენ იმ კონკრეტულ უბნებს რომელთა მიმართაც მათ აქვთ პრეტენზია“.

„ამის ნაცვლად, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ შეხვდნენ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს და აუხსნან მათი პრეტენზიის არსი. საზოგადოებას აქვე შევახსენებთ, რომ შესწორების ოქმი არის იგივე სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი, როგორც თავდაპირველი შემაჯამებელი ოქმი და რომ მასაც ხელს აწერენ იგივე კომისიის წევრები, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლები.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, შევხვდეთ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებს, თუმცა, ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რა რეზონანსი მოჰყვა მათ თავდაპირველ მცდარ ინფორმაციას და შემდეგ მის ეტაპობრივ შესწორებას, მნიშვნელოვანია, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ განსაკუთრებულად იზრუნოს ამ საკითხის გარშემო რაც შეიძლება მეტ გამჭვირვალობაზე და ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მათ სურთ, რომ დახურულ შეხვედრაზე მოგვაწოდონ, ასევე გახადონ საჯარო საზოგადოებისთვის. ამით ისინი, საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, ეფექტიანად შეეწინააღმდეგებიან იმ დეზინფორმაციის კამპანიას, რომელსაც დღემდე ეწევა ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის გამოყენებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.