შალვა ნათელაშვილი - კენტი და მაკდონალდი, კუშნერთან და ტრამპთან ერთად, ლობირებდნენ ივანიშვილის პრორუსულ რეჟიმს, საქართველო კინაღამ მიჰყიდეს რუსეთს, იცავდნენ თავიანთ პოზიციას სენატში
მინდა, დავიწყო სრულიად საქართველოსადმი მილოცვით – გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შედგა ისტორიული სხდომა, სადაც მთელი მსოფლიოს გასაგონად გაცხადდა ჩვენი დიდი ამერიკელი მეგობრების პოზიცია, რომ დგანან ამ ურთულეს დროს ისევ და ისევ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მათ, და ჩვენც, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა ვიმოქმედოთ, რათა დამთავრდეს ბოროტება პუტინის ფილიალის სახით, რომელსაც წარმოადგენს დღევანდელი ივანიშვილის რეჟიმი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილის შეფასებით, სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დემოკრატიული მომავლის ამერიკა და ტრამპის კონსერვატიული, დამარცხებული ამერიკა.
„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გუშინ სენატის საგარეო პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დემოკრატიული მომავლის ამერიკა და ტრამპის კონსერვატიული და დამარცხებული ამერიკა. სწორედ ბატონი კენტი და ქალბატონი მაკდონალდი წარმოადგენენ ტრამპ-კუშნერის დაჯგუფებას, რომლებიც კიდევ რამდენიმე დღე იქნებიან სახელმწიფო დეპარტამენტში და მათ ადგილზე ძალიან მალე დაინიშნებიან ახალი მაღალი რანგის დიპლომატები“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
„ლეიბორისტების“ ლიდერის თქმით, ეს ადამიანები მიკერძოებულნი არიან.
„ისინი კუშნერთან და ტრამპთან ერთად ლობირებას უწევდნენ ივანიშვილის პრორუსულ რეჟიმს და ფაქტობრივად, საქართველო კინაღამ მიჰყიდეს რუსეთს, იცავდნენ გუშინ თავიანთ პოზიციას. მეტი მკრეხელობა რა უნდა თქვა, რომ ნიკა მელიამ მოიხსნა სამაჯური, ამიტომ დააპატიმრეს და კანონს ყველამ თანაბრად უნდა სცეს პატივი, მათ შორის ლიდერებმა. ფაქტობრივად, გაიზიარა ივანიშვილის პოზიცია კენტმა. ეს არის სამარცხვინო ამერიკელი დიპლომატისგან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.