„შახტარის“ ყოფილი ფეხბურთელი - რასიზმის საკითხში უკრაინა ძალიან ჩამორჩენილი ქვეყანაა (ვიდეო)
ინგლისური „ევერტონის“ ბრაზილიელი ფეხბურთელი ბერნარდი, რომელიც წარსულში უკრაინულ „შახტარში“ თამაშობდა, თავის თანამემამულესა და ყოფილ თანაგუნდელ ტაისონს გამოესარჩლა.
უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში, რომელშიც დონეცკელები საკუთარ მოედანზე კიევის „დინამოს“ ეთამაშებოდნენ, სტუმარი გუნდის გულემატკივრებისგან სისტემატიურად ისმოდა რასისტული შეძახილები, რის გამოც ტაისონს ნერვებმა უმტყინა და შეურაცხყოფას პასუხი გასცა. ამის გამო, მსაჯმა ის მოედნიდან გააძევა.
„სამწუხაროდ, როდესაც მაგ საკითხს ეხება საქმე, უკრაინა ძალიან ჩამორჩენილი ქვეყანაა“, – დაწერა ბერნარდმა ტაისონის მიერ ინსტაგრამში გამოქვეყნებული განცხადების საპასუხოდ, – „მაგრამ შენ ბრძოლა არ შეწყვიტო და აკეთე ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდის – ითამაშე ფეხბურთი“.
ზემოთ ნახსენები მატჩის მიმდინარეობისას კიეველი გულშემატკივრები ორჯერ გააფრთხილეს, თუმცა უშედეგოდ. 77-ე წუთზე კი, როდესაც ტაისონმა უხამსი ჟესტი უჩვენა „დინამოს“ გულშემატკივრებს და ბურთი ისროლა მათი მიმართულებით, მსაჯმა მატჩი შეწყვიტა და გუნდებს გასახდელისკენ უხმო. ხუთ წუთში, როდესაც გუნდები ისევ გამოვიდნენ მოედანზე, არბიტრმა გადაწყვიტა, რომ ტაისონის საქციელი წითელ ბარათს იმსახურებდა და ის მოედნიდან გააძევა.
მატჩი „შახტარის“ გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.