ირაკლი აზაროვი - ყოველთვის კვარაცხელიას ფანი ვიქნები, მას, ნიჭთან ერთად, ხასიათიც აქვს #1TVSPORT
ირაკლი აზაროვი - ყოველთვის კვარაცხელიას ფანი ვიქნები, მას, ნიჭთან ერთად, ხასიათიც აქვს #1TVSPORT

დონეცკის „შახტარის“ YouTube არხმა გუნდის მარცხენა მცველს, ირაკლი აზაროვს ინტერვიუ ჩამოართვა, რომელმაც თანაგუნდელ და თანამემამულე გიორგი გოჩოლეიშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი მცველი „შახტარში“ 2023 წლის აგვისტოში გადავიდა. დონეცკურმა კლუბმა ირაკლი აზაროვის ტრანსფერში სამი მილიონი ევრო გადაიხადა.

„გიოს ძალიან გაუხარდა, „შახტარში“ რომ დავიწყე თამაში, რადგან გუნდში მეორე ქართველი მოვედი, მას კი ენის გამო გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ჩემთვის „შახტარში“ გადასვლა საუკეთესო ვარიანტი გახლდათ, რადგან გიო დამხვდა. ორივენი ბედნიერი ვართ, რომ ახლა ერთად ვთამაშობთ.

პირველ რიგში, გიორგი კარგი ადამიანია და შემდეგ – შესანიშნავი ფეხბურთელი და პროფესიონალი. მჯერა, რომ საქართველოსა და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და ძლიერი მარჯვენა მცველი იქნება, თამაშს ასე თუ გააგრძელებს.

ვინ უფრო სწრაფია, გიო თუ მე? ორივეს საკუთარი უპირატესობები გვაქვს. რაც შეეხება ორთაბრძოლებს, ამაში 100 პროცენტით ჩემზე ძლიერია. ჩემი ძლიერი თვისებები ტექნიკა და დრიბლინგია, მაგრამ უნდა გავაუმჯობესო „ფიზიკა“, რადგან მე პატარა და გამხდარი ვარ.

კვარაცხელიასთან დიდი ხანია ვმეგობრობ. ათი წლიდან ერთად ვთამაშობთ. ჩემთვის შოკი იყო, როცა „ნაპოლიში“ უმაღლესი ფეხბურთის დემონსტრირება უცბად დაიწყო. მე ყოველთვის მისი პირველი ფანი ვიქნები. რატომაა ასეთი წარმატებული? ბევრ ქართველ ფეხბურთელს არ ჰქონდა ხასიათი, რის გამოც კარიერა დიანგრიეს. ხვიჩას ნიჭიც აქვს და ხასიათიც და ეს ძალიან ეხმარება. როცა ამას ხედავ, რა თქმა უნდა, ცდილობ, მიბაძო და იგივე გაკეთო.

სპეციალისტები მადარებენ ჟორდი ალბას? ალბაც რაღაცით ვგავარ – პატარაა და შესანიშნავი დრიბლინგი გააჩნია, თამაშსაც კარგად კითხულობს. ვფიქრობ, კარგი შედარებაა, მაგრამ ფეხბურთში ჩემი კერპი მარსელო იყო. ხშირად ვუყურებდი მის თამაშებს და ჩემთვის პირველი მარცხენა მცველი ყოველთვის ის იყო. საუკეთესო მარცხენა მცველების სამეული? მარსელო, ჟორდი ალბა და ალფონსო დევისი, რომელიც წელს ამ პოზიციაზე საუკეთესოა.

უკრაინაში ერთადერთი, რაც შეიცვალა, ისაა, რომ ყოველთვის სასტუმროში ვარ და სასეირნოდ გასვლა არ შემიძლია, რადგან დატვირთული გრაფიკი გვაქვს. ყოველ კვირას ჩემპიონთა ლიგის ან უკრაინის ჩემპიონატის მატჩები გვაქვს და სულ ამ შეხვედრებისთვის ვემზადებით. საქართველოში მქონდა დრო მეგობრებთან ერთად გასატარებლად, ფილმის სანახავად და მსგავსი რაღაცებისთვის, მაგრამ აქ ასეთი რამ არ ხდება“, – ამბობს ირაკლი აზაროვი.