ევროპის ლიგის პლეი ოფი | აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, გოჩოლეიშვილმა - შეცვლაზე, „შახტარი“ „მარსელს“ დაუზავდა #1TVSPORT
ევროპის ლიგის პლეი ოფი | აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, გოჩოლეიშვილმა - შეცვლაზე, „შახტარი“ „მარსელს“ დაუზავდა #1TVSPORT

ევროპის ლიგის პლეი ოფში დონეცკის „შახტარმა“, სადაც ორი ქართველი თამაშობს, „მარსელს“ უმასპინძლა – მატჩი 2:2 დასრულდა.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ევროპის ლიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩი დონეცკელებმა არა სამშობლოში, არამედ გერმანიაში, ჰამბურგის „ვოლკსპარკსტადიონზე“ ჩაატარეს. უკრაინელების ძირითად შემადგენლობაში იყო ირაკლი აზაროვი და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და ოთხივე გოლი შესვენების შემდეგ გავიდა. 64-ე წუთზე ანგარიში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გახსნა. ოთხ წუთში დონეცკელებმა წონასწორობა მიკოლა მატვიენკოს ზუსტი დარტყმით აღადგინეს.

განსაკუთრებით დაძაბული ბოლო წუთები გამოდგა. 90-ე წუთზე ფრანგები ილიმან ნდიაიმ ისევ დააწინაურა, მაგრამ უკრაინელებმა იბრძოლეს და 90’+3-ე წუთზე ეგინალდოს გოლით მატჩი გადაარჩინეს.

განმეორებით შეხვედრას უკვე „მარსელი“ უმასპინძლებს, რომელსაც დონეცკის „შახტართან“ გასვლითი ფრე ევროპის ლიგის 1/8-ფინალის საგზურისთვის მცირე უპირატესობას ანიჭებს.