სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს ახმეტის ღვინის ქარხანა დღეიდან ჩაიბარებს
სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს ახმეტის ღვინის ქარხანა დღეიდან ჩაიბარებს

სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს ახმეტის ღვინის ქარხანა დღეს 11:00 საათიდან ჩაიბარებს.

ღვინის მწარმოებელი კომპანია ყურძენს მოსახლეობისგან კილოგრამს 50 თეთრად ჩაიბარებს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურსა და ახშანში სეტყვით დაზარალებულმა მოსახლეობამ ყურძნის დაზიანებული მოსავლის კრეფა დილიდან დაიწყო.

ქისტაურელი გიორგი პავლიაშვილი აცხადებს, რომ ჰექტარზე ოც ტონა მოსავალს ელოდებოდა.

„ჰექტარზე ოც ტონა მოსავალს ველოდებოდი. ახლა კი ერთ ტონამდე თუ გამოვა. ეს ვენახი მომავალ წელს დაისხამს, მაგრამ სასურველი რაოდენობის ყურძენს მაინც არ მოგვცემს. ვაზი ისეა დაზიანებული, ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ მოსავალი კარგი მივიღოთ, მაგრამ მაინც დიდი მადლობელი ვართ, რომ ხელი შეგვიწყეს და რაც გადარჩა, იმ მოსავალს მაინც ვაბარებთ“, – აცხადებს პავლიაშვილი.

გუშინ ძლიერი წვიმისა და სეტყვისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრის საგანგებო შტაბის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ახმეტის სოფლებში დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას არ მიიღებს, თუმცა ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება. მისი თქმით, სახელმწიფო მუშაობს კომპანიებთან, რომ კახეთში სტიქიისგან დაზარებულებმა დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შეძლონ.

ორი დღის წინ, დედაქალაქსა და კახეთის რეგიონში უამინდობამ პრობლემები შექმნა. კერძოდ, სტიქიის შედეგად ახმეტის რაიონის სამ სოფელში, ქისტაურში, ახშანსა და მატანში თითქმის სრულად განადგურდა ყურძნის მოსავალი. ამასთან, სტიქიამ დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი.

ქალაქ თელავში უხვი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა, რის გამოც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ცენტრალურ ქუჩებზე დაზიანდა ასფალტის საფარი.