ლევან დავითაშვილი - ახმეტის სოფლებში დაზარალებულ მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება
ლევან დავითაშვილი - ახმეტის სოფლებში დაზარალებულ მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში სეტყვისაგან დაზარალებული მოსახლეობა დაზიანებულ ყურძენს მინიმალური დანახარჯებით ადგილზევე, ახმეტაში ჩააბარებენ, – ამის შესახებ თელავში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„გუშინდელი სტიქიის შემდეგ შექმნილ შტაბს მუდმივი კონტაქტი აქვს კომპანიებთან, რომლებიც სპირტის დამზადებას შეძლებენ. მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება და ხვალ დილიდან დაკრეფას დაიწყებენ“, –  განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რომელიც ფერმერებსა და ჩამბარებელს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფს.

ამასთან, მინისტრმა ფერმერებს აგროდაზღვევის გამოყენებისკენაც მოუწოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღესვე დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება.

გუშინ დედაქალაქსა და კახეთის რეგიონში უამინდობამ პრობლემები შექმნა. კერძოდ, სტიქიის შედეგად ახმეტის რაიონის სამ სოფელში, ქისტაურში, ახშანსა და მატანში თითქმის სრულად განადგურდა ყურძნის მოსავალი. ამასთან, სტიქიამ დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი.

ქალაქ თელავში უხვი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა, რის გამოც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ცენტრალურ ქუჩებზე დაზიანდა ასფალტის საფარი.