სერგო რატიანი - მამუკა ბახტაძეს უნდა ახსოვდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის განწყობები ცვალებადია
სერგო რატიანი - მამუკა ბახტაძეს უნდა ახსოვდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის განწყობები ცვალებადია

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს უნდა ახსოვდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის განწყობები ცვალებადია და ხშირ შემთხვევაში, მისი კეთილგანწყობა ძალიან ხანმოკლეა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით  პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

„პირველ რიგში, პრემიერ ბახტაძეს უნდა ახსოვდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის განწყობები ცვალებადია და ხშირ შემთხვევაში, მისი კეთილგანწყობა ძალიან ხანმოკლეა. ასევე, მან უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი, რომელიც აქამდე იყო, ივანიშვილის ძალაუფლების ინსტრუმენტი და საშუალება იყო. ბახტაძეც ივანიშვილის ძალაუფლების გახანგრძლივების ერთ-ერთი საშუალებაა. ისიც, როგორც კვირიკაშვილი და ღარიბაშვილი, მცირე მინისტრთა გუნდის მენეჯერია, ამ შემთხვევაში, ეკონომიკის გუნდის მენეჯერი და მეტი არაფერი. ივანიშვილის მართვის სტილი არ იცვლება, ვხედავთ, რომ ყველა შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი არის რამდენიმე მინისტრის მენეჯერი, დანარჩენებს თავად ივანიშვილი მართავს“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე  პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირველ არხთან ინტერვიუს დღეს ბრიფინგზე გამოეხმაურა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სწორი აქცენტები გამოწვევებზე, რაც დღეს არის ქვეყნის ეკონომიკაში, ასევე იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც მიაღწია საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველ პარტიად ყოფნის პერიოდში. ამასთან, ბახტაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალზე კრიტიკული მთავრობის საქმიანობისადმი, კვლავაც გრძელდება ხელმოცარული და უპერსპექტივო ოპოზიციის მხრიდან პერსონალურად მის მიმართ იერიშების მიტანა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში –  „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა.