მამუკა ბახტაძე - ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სწორი აქცენტები იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ქვეყნის ეკონომიკაში არსებობს
მამუკა ბახტაძე - ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სწორი აქცენტები იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ქვეყნის ეკონომიკაში არსებობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე  ბიძინა ივანიშვილის პირველ არხთან ინტერვიუს გამოეხმაურა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სწორი აქცენტები იმ გამოწვევებზე, რაც დღეს არის ქვეყნის ეკონომიკაში, ასევე იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც მიაღწია საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველ პარტიად ყოფნის პერიოდში.

„დიახ, ჭარბვალიანობა რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და პირველი ნაბიჯები გადავდგით.  ეს არ არის საკმარისი და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ახალ ინიციატივებს შევთავაზებთ, რომ ამ პრობლემის სიმწვავე, როგორც სისტემური რისკი მნიშვნელოვნად შემცირდეს ეკონომიკაში.  ჩვენ, ეროვნულ ბანკთან ერთად, დავიწყეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რათა ფინანსურ სექტორში დამკვიდრდეს სამართლიანი წესები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გამოვრიცხოთ ისეთი ფაქტები, რაც წარსულში ხდებოდა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში –  „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა.