სერგო რატიანი - კულტურას სჭირდება ეფექტური მართვა, მზარდი ეკონომიკა და არა ბიუროკრატიის ხარჯების ზრდა
სერგო რატიანი - კულტურას სჭირდება ეფექტური მართვა, მზარდი ეკონომიკა და არა ბიუროკრატიის ხარჯების ზრდა

2020 არის საარჩევნო წელიწადი და ხელისუფლებას სურს, გაზარდოს მოსყიდვა და პარტიული ღონისძიებების დაფინანსება, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფის საკითხს.

როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, კულტურას სჭირდება ეფექტური მართვა, მზარდი ეკონომიკა და არა ბიუროკრატიის ხარჯების ზრდა.

„ეს, უპირველესად, აჩვენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არათანმიმდევრულობას. მეორე პრობლემა გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯებია. 2012 წლის მერე ცენტრალური და სხვადასხვა ბიუჯეტიდან, თვითმმართველობიდან და ასევე სსიპ-ებიდან ყოველწლიურად იხარჯება მილიარდზე მეტი მოცულობის ბიუჯეტი, ვიდრე ეს იყო 2012 წელს. ეს არის ქვეყნისთვის, და შესაბამისად, ეკონომიკისთვის, დამანგრეველია. ეს ცუდად აისახება კულტურაზე. კულტურას სჭირდება ეფექტური მართვა, მზარდი ეკონომიკა და არა ბიუროკრატიის ხარჯების ზრდა, რომელსაც, როგორც ჩანს, მომავალ წელს გამოიყენებენ თავისი პარტიული ღონისძიებების დასაფინანსებლად. ეს ყველაფერი ცუდად აისახება გაღატაკებულ მოსახლეობაზე. მცირე მთავრობა არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მაგრამ ეს მაშინ ვერ მოხერხდა და ახლა კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯს დგამენ. ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ საარჩევნო წელიწადია და მათ სურთ, გაზარდონ მოსყიდვა და პარტიული ღონისძიებების დაფინანსება, როგორც იყო წინა არჩევნების დროს“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ განათლების სამინისტროდან კულტურის ნაწილის გამოყოფის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კულტურის მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად ბექა ოდიშარია განიხილება. ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობის შესახებ მასთან კონსულტაციები არ გამართულა.