ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობის შესახებ მასთან კონსულტაციები არ გამართულა
ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობის შესახებ მასთან კონსულტაციები არ გამართულა

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობის შესახებ მასთან კონსულტაციები არ გამართულა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ოდიშარიამ განუცხადა, ის მომხრეა, რომ განათლების სამინისტრო გაიყოს და მას კულტურის მიმართულება გამოეყოს.

„ასეთი სახის კონსულტაციებს არ ვადასტურებ, თუმცა გუნდში ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ სამინისტროს გაყოფა მომხდარიყო, რადგან კულტურა არის ის ერთადერთი რამ, რაც ჩვენს ქვეყანას უნიკალურს ხდის. მოხარული ვარ, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – აცხადებს ოდიშარია.

კითხვაზე, სურს თუ არა კულტურის მინისტრობა, ოდიშარია პასუხობს, რომ დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეა და ეს არანაკლები თანამდებობაა.

„ჩართული ვარ დიასპორისა და კავკასიის საკითხებში“, – დასძინა ოდიშარიამ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ განათლების სამინისტროდან კულტურის ნაწილის გამოყოფის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კულტურის მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად ბექა ოდიშარია განიხილება.