სერგო ჩიხლაძე - არ მგონია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ დიდი გამარჯვება იყოს ედუარდ შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ჩინოვნიკების პარლამენტში შესვლა
სერგო ჩიხლაძე - არ მგონია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ დიდი გამარჯვება იყოს ედუარდ შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ჩინოვნიკების პარლამენტში შესვლა

არ მგონია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ დიდი გამარჯვება იყოს ედუარდ შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ჩინოვნიკების პარლამენტში შესვლა, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას.

მისივე შეფასებით, ამ ადამიანების პარლამენტში შესვლით არაფერი იცვლება და ეს საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას ვერ მიანიჭებს.

„ჩვენთვის არაფერს ნიშნავს და არაფერი იცვლება იმით, თუ ინდივიდუალურად მოხდება „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე წევრის ინდივიდუალურად შესვლა. ამ ადამიანებს თვითონ „პატრიოტთა ალიანსი“ გაემიჯნა. ასე რომ, ჩვენთვის მით უმეტეს, როდესაც „პატრიოტთა ალიანსი“ საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას საერთო ოპოზიციურ შეკრებებსა და აქტივობებში, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.

ქალბატონი ირმა ინაშვილი ახლაც ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და ის არ შედის, უბრალოდ შევიდა რამდენიმე ინდივიდუალური ადამიანი. მე არ მგონია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ დიდი გამარჯვება იყოს ედუარდ შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ჩინოვნიკების პარლამენტში შესვლა. მეტი ედუარდ შევარდნაძე „ქართულ ოცნებას“.

ამ ადამიანების შესვლა პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს და მრავალპარტიულობის ფასადს ვერ შექმნის, მით უმეტეს, რომ უკვე ამ ადამიანებმაც განაცხადეს, რომ ისინი ინდივიდუალურად შედიან და არა რომელიმე პარტია. პარტიის ეგიდითაც რომ შევიდნენ, „პატრიოტთა ალიანსი“ არ არის ის ძალა, რომლის შეხედულებებსაც სხვა ოპოზიციური პარტიები იზიარებენ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. აღნიშნულ საკითხს კომიტეტმა მას შემდეგ უყარა კენჭი, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ სადეპუტატო მანდატზე უარი თქვეს. გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი პარლამენტში სწორედ მათი ადგილმონაცვლეები იქნებიან.