საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.

აღნიშნულ საკითხს კომიტეტმა მას შემდეგ უყარა კენჭი, რაც „პატრიოტთა ალიანსის“  ლიდერებმა ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ სადეპუტატო მანდატზე უარი თქვეს. გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი პარლამენტში სწორედ მათი ადგილმონაცვლეები იქნებიან.

„მოგეხსენებათ, გუშინ პარლამენტის სამ წევრს შეუჩერდა უფლებამოსილება მათი განცხადების საფუძველზე და გუშინვე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათი ადგილმონაცვლეობის პრინციპით შემოსასვლელი დეპუტატობის კანდიდატების საბუთები მოგვაწოდა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მეცხრე პუნქტის თანახმად, დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა კომიტეტის სხდომაზე დაუშვებელია, გარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხებისა და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევისა. კომიტეტის სხდომამდე დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით. ეს წერილობითი მოთხოვნა ჩვენი კომიტეტის წევრების მხრიდან არის წარმოდგენილი. ამიტომ რადგან სამ ადგილმონაცვლესთან დაკავშირებით საბუთები ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გვაქვს და რიგგარეშე სესიის მიმდინარეობის პროცესში ვართ, ჩვენ შეგვიძლია, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ამ პიროვნებებს დღესვე მივაწოდოთ ბიუროს ჩვენი კომიტეტის დასკვნა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ოთხი მანდატი მიიღო. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.