პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა
პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა.

კენჭისყრის შედეგად, ირმა ინაშვილისთვის პარლამენტის წევრის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საკითხს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი ლომიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას დაეთანხმა 79 დეპუტატი, გოჩა თევდორაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა.

პროცედურის შესაბამისად, ცესკო-მ უნდა წარუდგნოს პარლამენტს ამ დეპუტატების ადგილმონაცვლე წევრების თაობაზე ინფორმაცია.

ამასთან, ცესკო-ს ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამ წევრს, ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძეს და დავით ზილფიმიანს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკო-სთვის არ მიუმართავთ. დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაზე ღია წერილი გუშინ გაავრცელა.

რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.