სერგო ჩიხლაძე - არ მაქვს ჯერ მტკიცებულება, რომ სააკაშვილი საქართველოშია, თუ აღმოჩნდება, რომ ეს ყალბი ვიდეოა, ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ მის ავტორებს
სერგო ჩიხლაძე - არ მაქვს ჯერ მტკიცებულება, რომ სააკაშვილი საქართველოშია, თუ აღმოჩნდება, რომ ეს ყალბი ვიდეოა, ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ მის ავტორებს

არ მაქვს ჯერ იმის მტკიცებულება, რომ სააკაშვილი საქართველოშია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს საათებში ნახავს ყველა, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები ავთენტური.

„მე არ მაქვს ჯერ მტკიცებულება, ყოველ შემთხვევაში, ვერ ვნახე, რომ ის არის საქართველოში. ნებისმიერ შემთხვევაში, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ მოწოდებაა, რომ მაქსიმალურად ვიაქტიუროთ არჩევნებზე, მეტი ადამიანი მივიდეს, გამოხატოს აზრი. ეს ქვეყანა არ არის თეთრი და შავი, მრავალფეროვანია, ბევრი პარტია არსებობს და ყველა პოლიტიკური გემოვნების დაკმაყოფილება შეუძლია. მთავარია სტაბილურობა, მთავარია, რომ არ იყოს სამოქალაქო დაპირისპირება. პირადად ჩვენ არც ბატონი სააკაშვილის ჩამოსვლის გვეშინია და არც არჩამოსვლის, თუმცა მტკიცებულება, რომ ის არის საქართველოში, ჯერ არ ვიცი. ​ყოველ შემთხვევაში, ეს ვიდეო, მე პირადად არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოშია გადაღებული“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

კითხვაზე, რატომ უნდა დაედო მიხეილ სააკაშვილს დამონტაჟებული ვიდეო, როგორც სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, თუ აღმოჩნდება, რომ ეს არის ყალბი ვიდეო, ამაზე ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ მის ავტორებს.

„არ ვიცი, ამას მგონი უახლოეს დღეებში, უახლოეს საათებში ვნახავთ, არის თუ არა ავთენტური. თუ აღმოჩნდება, რომ ეს არის ყალბი ვიდეო, ამაზე, ასე ვთქვათ, ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ ვიდეოს ავტორებს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.