სერგი კაპანაძე - ოკუპანტების ქმედებები დაუსჯელობის განცდას ეფუძნება
სერგი კაპანაძე - ოკუპანტების ქმედებები დაუსჯელობის განცდას ეფუძნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სოფელ ხურვალეთთან ოკუპანტების ქმედებები დაუსჯელობის განცდას ეფუძნება.

როგორც ჟურნალისტებს კაპანაძემ განუცხადა, რუსეთისა და კრიმინალური რეჟიმების პოლიტიკის შედეგია, რაც ხურვალეთში ხდება.

„ეს ყველაფერი დაუსჯელობის განცდას ეფუძნება. ისინი არ გრძნობენ, რომ მათ ნაბიჯებს რამე რეაქცია მოჰყვება. ამას არ გრძნობენ, რადგან ვერ ხედავენ, რომ ეს საკითხი არის საერთაშორისო ყურადღების არეალსა და დღის წესრიგში. ერთ-ერთი სწორი რეაქცია აღნიშნულ ფაქტზე პარტნიორების მაქსიმალური ყურადღების მიქცევა იქნება“, – განაცხადა კაპანაძემ.

სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა სათვალთვალო კოშკურის მონტაჟი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, დღეს დილიდან ისევ განაახლეს.

ამასთან, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც 12 საკითხს განიხილავენ, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი თემა ხურვალეთთან მიმდინარე სამუშაოები იქნება.

დატოვე კომენტარი