სერგი კაპანაძე - 8 მარტის შეთანხმების ნაწილი შეუსრულებელია, თუმცა, საარჩევნო კამპანია დაიწყო და ახლა ფოკუსირებული ვართ იმაზე, რომ საზოგადოება ჩვენი ხედვების მართებულობაში დავარწმუნოთ
სერგი კაპანაძე - 8 მარტის შეთანხმების ნაწილი შეუსრულებელია, თუმცა, საარჩევნო კამპანია დაიწყო და ახლა ფოკუსირებული ვართ იმაზე, რომ საზოგადოება ჩვენი ხედვების მართებულობაში დავარწმუნოთ

ამერიკის ელჩმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც თან ახლავს ახლად მიღებულ საარჩევნო კოდექსს, ზუსტად ის თემებია, რის გამოც „ევროპულმა საქართველომ“ საარჩევნო კოდექსს მხარი არ დაუჭირა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“  წევრმა სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომლითაც საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

კაპანაძის თქმით, ელჩმა დაადასტურა მთავარი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

„ამ განცხადებაში სუბარია იმაზე, რომ შეიძლებოდა უკეთ ყოფილიყო დარეგულირებული. საარჩევნო კოდექსი არ აგვარებს იმ პრობლემებს, რაც ამომრჩევლის დაშინებას ეხება. ეუთო/ოდირის რეკომენდაციები და ის საკითხები, რაზეც ელჩიც საუბრობს, არ არის გათვალისწინებული. ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ, დაადასტურა და გაიმეორა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ 8 მარტის შეთანხმების ნაწილს, კაპანაძე ამბობს, რომ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომელიც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ეხებოდა, შესრულებული არ არის.

თუმცა, კაპანაძის განმარტებით, ახლა ფოკუსირებული არიან სწორედ იმაზე, რომ საზოგადოებას საკუთარი ხედვები გააცნონ და მის მართებულობაში დაარწმუნონ.

„ქალბატონი ელჩის განცხადებას რომ დავეყრდნოთ, ჩვენთვის პრინციპული საკითხია, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომელიც ეხებოდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ბოლომდე მიყვანილი არ არის. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ნაწილი შესრულებული არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა საარჩევნო კამპანია დაიწყო და ჩვენ ფოკუსირებული ვართ სწორედ იმაზე, საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ხედვები არის მართებული“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძე ასევე გამოეხმაურა პანდემიასთან დაკავშირებით ელჩის განცხადებას და აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგებმა ნამდვილად კარგად იმუშავეს, თუმცა მთავრობის მუშაობა, განსაკუთრებით ეკონომიკის ნაწილში, არა თუ არადამაკმაყოფილებელი , ძალიან პრობლემატურია. „ქვეყანას ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა“, – დასძინა კაპანაძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, „ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ფიქრობს, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ არის შესრულებული და პრინციპული პოზიცია უკავია, თუმცა ახლა, როცა წინასაარჩევნოდ საკმაოდ მცირე დრო რჩება, მნიშვნელოვანია, თითოეულმა პარტიამ დაიწყოს კამპანია“.

„ბათუმელებთან“ ინტერვიუში დეგნანმა ისაუბრა პანდემიასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, მკაცრმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა წარმატება გამოწვევასთან ბრძოლაში, რაც არის ნიშანი, რომ საქართველოს ქვეყნის საუკეთესო ინტერესების ერთგული ლიდერები ჰყავს.