სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი თანახმაა, კარიერა საუდის არაბეთში, „ალ-ჰილალის“ შემადგენლობაში გააგრძელოს #1TVSPORT
La Repubblica-ს ინფორმაციით, საუდის არაბეთში ევროპული ფეხბურთის კიდევ ერთი ვარსკვლავი გააგრძელებს კარიერას – „ალ-ჰილალი“ „ლაციოს“ კაპიტანს, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა.
მილინკოვიჩ-სავიჩი არაერთი წლის მანძილზე ევროპული გრანდების ინტერესის ქვეშ იყო, თუმცა „ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო მის გაშვებას არ აპირებდა. გასულ კვირას 28 წლის სერბი ნახევარმცველის სახელი ტურინის „იუვენტუსსაც“ დაუკავშირეს, თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთელმა გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ლიგის გუნდის სასარგებლოდ მიიღო.
ფეხბურთელის სანაცვლოდ „ალ-ჰილალი“ „ლაციოს“ 40 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო თავად მილინკოვიჩ-სავიჩი სეზონში 20 მილიონ ევროს მიიღებს ანაზღაურების სახით.
გასულ სეზონში ყველა ტურნირზე სერბმა ფეხბურთელმა რომაული გუნდის შემადგენლობაში 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ „ალ-ჰილალი“ ის კლუბია, რომელიც მზად იყო, ლიონელ მესისთვის სეზონში 300 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა არგენტინელმა MLS-ის გუნდის, „ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში გადასვლა აირჩია.