სერენა უილიამსის მწვრთნელი - ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება აშშ-ის ღია ჩატარდეს
სერენა უილიამსის მწვრთნელი - ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება აშშ-ის ღია ჩატარდეს

ცნობილმა საჩოგბურთო სპეციალისტმა, პატრიკ მურატოგლუმ, რომელიც მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, სერენა უილიამსს ავარჯიშებს, აშშ-ის ღია პირველობის ჩატარების პერსპქტივაზე ისაუბრა. ამერიკის ღია პირველობა ნიუ იორკში 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.

„იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, მათ შორის ვგულისხმობ ინფიცირებულთა რიცხვის გაზრდას, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ტურნირი ჩატარდეს. ორგანიზატორები ცდილობენ გააკეთონ ისე, რომ ჩემპიონატი გაიმართოს და გარეშე თვალისთვის, ისინი ოდნავ შეშლილებად ჩანან. არ ვიცი, კარგი იდეაა ეს თუ არა. ამგვარად არ ვილაპარაკებდი, სიტუაცია ასე თუ ისე სტაბილური რომ არ იყოს, მაგალითად, როგორც ევროპაშია, მაგრამ ევროპა – სულ სხვა ისტორიაა, აშშ-ში კი, განსაკუთრებით ნიუ იორკში, ინფიცირებულთა რიცხვი დაუჯერებლად იზრდება. არ ვიცი, რამდენად არის ეს მიზანშეწონილი და ხომ არ გადაწყვეტს ნიუ იორკის ხელისუფლება ბოლო მომენტში ტურნირის გაუქმებას“, – განაცხადა მურატოგლუმ Sky Sports-თან კომენტარში.