სერჟ სარგსიანი - აქციის მონაწილეებს რისი მიღწევა სურთ, ამ შენობაში შემოსვლა და მისი მართვა?
ვინც ცდილობს, უკანონო გზით დაარღვიოს სხვების უფლებები, უნდა შეჩერდეს და დაფიქრდეს, ჩვენ რას ვაკეთებთ – ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში გააკეთა. სარგსიანი მისი გაპრემიერების მოწინააღმდეგეთა აქციებს გამოეხმაურა.
„რომელ ქვეყანაში მოიტანა მსგავსმა მცდელობებმა წარმატება? დესტაბილიზაციის გზით მიზანს ვინ მიაღწია?“- აცხადებს სარგსიანი.
სარგსიანის თქმით, მისთვის ნაწილობრივ გასაგებია აქციის მონაწილეების მიზანი, რომელთაც პარლამენტის სხდომის ჩაშლა სურდათ, თუმცა ის მაინც გაიმართა.
„ახლა რისი მიღწევა სურთ, ამ შენობაში შემოსვლა და მისი მართვა? დავუშვათ, რომ ეს შეძლეს, ვინ აღიარებს მათ, კანონიერი მმართველები გახდებიან?“ – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
სარსგიანის თქმით, როდესაც ხალხის ქმედებას ლოგიკა არ აქვს, რთულია იმის გაგება, როგორ განვითარდება მოვლენები.
„სამწუხაროდ, ერთხელ უკვე გავიარეთ ეს გზა. თუ სურთ მეორედ გავლა, რა უნდა ვთქვა? განაცხადა სარგსიანმა. მისი თქმით, მთავრობას და სამართალდამცველებს აქვთ მსგავსი გამოცდილება და ყველაფერი ისე გაკეთდება, რომ თავიდან იქნას აცილებული წინა გამოცდილება“, – განაცხადა სარგსიანმა.
ერევანში რამდენიმე დღეა, ანტისამთავრობო აქცია იმართება.