სერბეთში მედიის თავისუფლებისა და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა
სერბეთში მედიის თავისუფლებისა და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა

სერბეთში მორიგი მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. ბელგრადში შეკრებილი აქტივისტები ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ათი ათასობით დემონსტრანტმა მედიის თავისუფლება და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

დედაქალაქთან ერთად, მასშტაბური დემონსტრაციები რამდენიმე დიდ ქალაქში გაიმართა. „ერთი ხუთი მილიონიდან“, – ეს იყო აქტივისტების მთავარი ლოზუნგი. აღნიშნული დევიზი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დემონსტრანტების მოთხოვნებს იმ შემთხვევაშიც კი არ დააკმაყოფილებდა, თუ მის წინააღმდეგ ხუთი მილიონი ადამიანი გამოვიდოდა. ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა შვიდ მილიონს შეადგენს.

სერბეთში ანტისახელისუფლებო დემონსტრაციები უკვე მეათე კვირაა იმართება. მასშტაბური მანიფესტაციების დაწყების მიზეზი ოპოზიციონერ ბორკო სტეფანოვიჩის სასტიკი ცემა გახდა. საქმეში ეჭვმიტანილები სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს, თუმცა საშობაო დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე გაათავისუფლეს. პოლიციამ მიზეზად მტკიცებულებების სიმცირე დაასახელა.