სავსე ტრიბუნები, შემოტრიალებული თამაში და შეცვლილი ლიდერი - ბათუმი პირველ ადგილზეა (ვიდეო)
ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტურის შეხვედრა მოუგო ლიდერ „საბურთალოს“ და საჩემპიონო ბრძოლაში პირველი სერიოზული განაცხადი გააკეთა.
შეხვედრას ოთხი ათასამდე მაყურებელი ესწრებოდა – ტრიბუნებმა ყველა მსურველი ვერ დაიტია და მაყურებელი მოედნის გარშემო პერიმეტრზე განთავსდა, შეხვედრის შედეგი კი მათმა მხარდაჭერამაც განაპირობა.
უკვე მე-18 წუთზე სტუმრები გეგა დიასამიძისა (7) და ოგნიენ როლოვიჩის (18) გოლებით 0:2-ს იგებდნენ, მაგრამ გულშემატკივრებისგან გამხნევებულმა ბათუმელებმა მდგომარეობა გამოასწორეს და მოქმედ ჩემპიონსა და გათამაშების ლიდერ „საბურთალოს“ ოთხი გოლი გაუტანეს: „საბურთალოს“ ყოფილმა ნახევარმცველმა ლადო მამუჩაშვილმა დუბლი შეასრულა (21, 25), თითო-თითო გოლი კი ნიკა საბანაძის (41) და გაბრიელ რამოსის (59) ანგარიშზეა. ბათუმელებმა კიდევ ერთი რეალური შანსით ვერ ისარგებლეს – 37-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა პენალტი ვერ გამოიყენა.
ბათუმელებმა ანგარიშით 4:2 მოიგეს, 22 ქულა დააგროვეს და ქულით გადაასწრეს „საბურთალოს“, რომელიც თავიდანვე პირველობდა. ამგვარად, მიმდინარე სეზონში ლიდერი პირველად შეიცვალა – ჩემპიონატის სატურნირე ცხრილს კი სათავეში გია გეგუჩაძის გუნდი მოექცა.