საშემოდგომო რეგატა დასრულდა - 20 ახალი ნავი და აფროსნების ოლიმპიური პერსპექტივა
საშემოდგომო რეგატა დასრულდა - 20 ახალი ნავი და აფროსნების ოლიმპიური პერსპექტივა

თბილისის ზღვაზე აფროსნობის სეზონი საშემოდგომო რეგატით დასრულდა. „თბილისის თასისთვის“ ცხრა ეკიპაჟი იბრძოდა, რბოლები კი შვიდი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

რეგატა  გია კოპალეიშვილის „ბრავოს“ ეკიპაჟმა მოიგო, რომელიც ბოლო ორ წელიწადში გამართული ყველა შეჯიბრების გამარჯვებულია.

ტურნირის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ უახლოეს პერიოდში ეკიპაჟების რაოდენობაც გაიზრდება, სახეობა უფრო მასობრივი გახდება და საქართველო 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე იქნება წარმოდგენილი.

„წლევანდელ რეგატაში უფრო მეტი ეკიპაჟი და მონაწილე იყო, ვიდრე წინა გათამაშებებში. იმედი გვაქვს, რომ საგაზაფხულო რეგატაზე რაოდენობა 12-13 ეკიპაჟამდე გაიზრდება. მთავარია, რომ ჩვენი ტრადიცია აღდგა და აფროსნობაში წინსვლა გვაქვს“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან საშემოდგომო რეგატის მთავარი არბიტრი, აფროსნობაში ევროპის ჩემპიონი გურამ ბიგანიშვილი.

მისი თქმით, აფროსნების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოგვარდა – თბილისის ზღვაზე მდებარე იახტ-კლუბისთვის ისეთი ტიპის სპორტული ნავები შეიძინეს, რომლებსაც აფროსნები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე იყენებენ.

„ჩვენთვის ესეც პრობლემა იყო. მაგრამ თბილისის ზღვაზე მდებარე იახტ-კლუბისთვის 20 ასეთი ტიპის ნავი გიორგი კაპანაძემ შეიძინა. მალე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კიდევ 5 ოლიმპიური კლასის სპორტული ნავის გადმოცემას გეგმავს, რაც მინისტრის მოადგილის, შალვა გოგოლაძის დამსახურებაა“ – აცხადებს გურამ ბიგანიშვილი.

აფროსნობაში ევროპის ჩემპიონი იმედოვნებს, რომ ეს თანადგომა უახლოეს წლებში სპორტულ შედეგებზე აისახება: „მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ აფროსნებს თბილისის ტერიტორია გადმოგვცა, ორი იახტ-კლუბი და საბავშვო აფროსნობის სკოლა ჩამოყალიბდა და ბავშვები საერთაშორისო ტურნირებზე ხშირად დადიან. ახლა თანამედროვე ნავები გვიყიდეს – ეს ყოველივე ძალიან მახარებს და მაიმედებს, რადგან განვითარების პერსპექტივა გამოჩნდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ შემდეგი ოლიმპიურ თამაშებისთვის საქართველო გუნდის დაკომპლექტებას მოახერხებს“.