იტალიის რანგით მეორე დივიზიონი, „სერია ბ“, შეწყვეტილია და მხოლოდ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ განახლდება. ამის მიზეზი ექვსი კლუბის მიერ შეტანილი სარჩელია.
სეზონის დასაწყისში, სამმა გუნდმა – „ჩეზენამ“, „ბარიმ“ და „აველინომ“ – ფინანსური პირობები ვერ დააკმაყოფილეს, რის გამოც მათ მეორე დივიზიონში თამაში აეკრძალათ და „სერია დ“-ში დაქვეითდნენ. ლიგის ხელმძღვანელობა თავდაპირველად მესამე დივიზიონიდან სამი გუნდის დამატების შესაძლებლობას განიხილავდა, თუმცა ბოლოს შეჯიბრის 19 გუნდით გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. ამის გამო, ექვსმა გუნდმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და „სერია ბ“-ში გუნდების ტრადიციული რაოდენობის (22) დაუყოვნებლივ აღდგენა მოითხოვა.
ლაციოს (იტალიის რეგიონი) რეგიონალურმა სასამართლომ ეს სარჩელი განხილვაში მიიღო და „სერია ბ“-ს თამაშები შეაჩერა.
გუნდები, რომლებმაც სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, არიან „ვირტუს ენტელა“, „ნოვარა“, „პრო ვერჩელი“, „ტერნანა“, „სიენა“ და „კატანია“.