საქართველოსთან წაგების შემდეგ ბულგარეთის ფეხბურთში ქაოსია - მწვრთნელის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტს აკრიტიკებენ #1TVSPORT
ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იასენ პეტროვი გადადგა. ახლა კი ბულგარულმა მედიამ ფედერაციის პრეზიდენტს, წარსულში ცნობილ მეკარეს, ბობი მიხაილოვს შეუტია.
ბობი მიხაილოვი და საქართველო – 6:2-დან 2:5-მდე
„რაზგრადში ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა მორიგი უაღრესად სამწუხარო მარცხი განიცადა – 2:5 საქართველოსგან. მართლაც, ჯობია მატჩებზე ოფიციალურად არ გამოცხადდე და წააგო. ასე ნაკლებ სირცხვილს განიცდიდით. ალბათ უკეთესიც იქნება, თუ ტურნირებსა და შესარჩევი ეტაპებზე არ დაგვიშვებენ.
ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის „მარადიული“ პრეზიდენტის ბორისლავ მიხაილოვის საქართველოსთან კავშირი კურიოზულია. ის აირჩიეს 2005 წლის 21 ოქტომბერს და დღემდე ფედერაციას ხელმძღვანელობს. ამ პერიოდში მსოფლიოში და ჩვენთან ბევრი რამ შეიცვალა, მხოლოდ ყოფილი მეკარე ზის სკამზე და ჩვენს ფეხბურთს წლიდან წლამდე ოსტატურად მართავს. მაგრამ დავუბრუნდეთ საქართველოსთან მის ურთიერთობას. წუხელ მიხაილოვმა სტადიონი მეტოქის მეორე გოლის შემდეგ დატოვა. აშკარად გრძნობდა, რაც მოხდებოდა.
არადა, მისთვის, ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის პოსტზე ყველაფერი კარგად დაიწყო. მიხაილოვის ხელმძღვანელობით პირველივე მატჩში 2005 წლის 12 ნოემბერს ჩვენმა გუნდმა სწორედ საქართველოს უმასპინძლა და 6:2 დაამარცხა.
6:2-დან 2:5-მდე პერიოდში ე.წ „ლომები“ 59-ჯერ დამარცხდნენ. მათგან 16-ში მეტოქემ მინიმუმ 3 გოლის სხვაობით მოგვიგო. ყველაფერი შოტლანდიასთან 1:5 წაგებით დაიწყო. ასევე წაგვიგია სერბეთთან 1:6, კვიპროსთან 1:4, ინგლისთან 0:4 და 0:3, უკრაინასთან 0:3, თურქეთთან 0:4 , 0:3 ხორვატიიდან. იაპონიის წინააღმდეგ 2:7. 0:4 დანიასთან, 1:4 საფრანგეთთან, 0:3 შვედეთთან, 0:4 და 0:6 ინგლისთან, 0:3 საფრანგეთთან და 0:4 შვეიცარიასთან. ეს მოიცავს მიხაილოვის პრეზიდენტობის პერიოდს.
ასეთია ვითარება და შედეგები. ჩვენი ფეხბურთი კი ფსკერის თხრას აგრძელებს. ახლა გიბრალტართან მატჩია. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ მეტოქეს მაინც დავამარცხებთ“, – წერს გამოცემა „ტოპსპორტი“.