საქართველოსთან მატჩამდე ჩრდილოეთ მაკედონიას პრობლემა შეექმნა - „ნაპოლი“ ელმასს ნაკრებში არ უშვებს
ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრები 12 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალში საქართველოს, შესაძლოა, ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, ელიფ ელმასის გარეშე ესტუმროს, – ამის შესახებ გამოცემა „სპორტი“ წერს.
„საქართველოსთან შეხვედრაში, შესაძლოა, ჩვენ ისევ ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ელიფ ელმასის გარეშე დავრჩეთ. „ნაპოლის“ ფეხბურთელმა გამოტოვა ოქტომბერში ევრო2020-ის ნახევარფინალი კოსოვოსთან და ერთა ლიგის ორი თამაში ესტონეთსა და საქართველოსთან, რადგან Covid-19-ზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. ახლა კი პრობლემა მისი კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შეუძლია შეგვქმნას“, – წერს გამოცემა.
საქმე ისაა, რომ „კორიერა დელლო სპორტის“ ცნობით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი, ისევე როგორც მისი კოლეგა „იუვენტუსიდან“ ანდრეა ანიელი, გეგმავენ ნოემბრის „ფანჯარის“ პერიოდში ეროვნულ ნაკრებებში ფეხბურთელები არ გაუშვან.
„ისინი შეშფოთებულები არიან კოვიდ -19 ეპიდემიით და მიიჩნევენ, რომ თავიანთ ქვეყნებში მოგზაურობისას, ნაკრების წევრები სხვადასხვა ადამიანებთან კონტაქტით და მინიმუმ ორ მატჩებზე მოგზაურობით, მათი დაინფიცირების რისკი იზრდება. ახლა ისმის კითხვა, აქვთ თუ არა კლუბებს უფლება, მოთამაშეებს ეროვნულ გუნდებში თამაში აუკრძალონ – ნებისმიერ შემთხვევაში, ამაში უეფა და ფიფა ჩაერევა“, – წერს „სპორტი“.
როგორც მოსალოდნელი იყო, ელმასი მაკედონიელთა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ სანაკრებო სიაში დაასახელა და ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი უნდა იყოს.