საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი - კოდექსი ყველა უწყებას ავალდებულებს, ბავშვთა უფლებები ყველა დონეზე იყოს დაცული
საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი - კოდექსი ყველა უწყებას ავალდებულებს, ბავშვთა უფლებები ყველა დონეზე იყოს დაცული

საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი ხასან ხალილი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს.

როგორც ხასან ხალილი აცხადებს, ყველა უწყების მხრიდან ბავშვის უფლებები უნდა იყოს დაცული

„ამ სამწუხარო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოვხატავთ და ოჯახის მწუხარებას ვიზიარებთ. გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, ვისი ბრალია გამოკვეთილი, თუმცა ყველა უწყების მხრიდან ბავშვის უფლებები უნდა იყოს დაცული. მწამს, რომ ყველა გავიგებთ, კონკრეტულად სად მოხდა შეცდომის დაშვება და ჩავარდნა. ზოგადად, აუცილებელია მხარდამჭერი მექანიზმების არსებობა. მთავარია, სოციალური მუშაკის როლი გაძლიერდეს, რათა ყველა ოჯახს შესაძლებლობა ჰქონდეს საჭირო მხარდაჭერა და დახმარება მიიღოს, როცა ბავშვი გადის რთულ ასაკს. მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხარისხიანი ფსიქოლოგიური დახმარება. სამართალდამცავებმა სწორად უნდა გამოიყენონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და უნდა იხელმძღვანელონ სწორედ კოდექსით. unicef-მა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმის აუცილებლობაზე, რომ შეიქმნას მხარდამჭერი მექანიზმები ოჯახის, საზოგადოებისა და სკოლის დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის მხრიდან ამ რთული ასაკის გავლას უმტკივნეულოდ. 20 სექტემბერს მიღებული „ბავშვთა კოდექსი“ ამას მკაფიოდ განსაზღვრავს და ყველა უწყებას ავალდებულებს, რომ ასეთი მექანიზმები შეიქმნას, რათა ბავშვის უფლებები დაცული იყოს ყველა დონეზე“, – აცხადებს ხასან ხალილი.

საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს შეხვდა.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.