საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს მუსიკალური მეგაპროექტის, „საქართველოს ვარსკვლავის“ მეხუთე ლაივშოუ გაიმართა.
მეხუთე ტურში პროექტს კიდევ ერთი კონკურსანტი გამოეთიშა. აუთსაიდერებს შორის მოხვდნენ მარიამ შენგელია და დავით რუსაძე. აქედან ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა მარიამ შენგელიამ მიიღო და პროექტი დატოვა. დღევანდელი ლიდერი ხმების რაოდენობის მიხედვით კი თორნიკე ყიფიანი გახდა.
ნახევარფინალში გადავიდნენ და კონკურსის მთავარი პრიზისთვის – ევროვიზიის საგზურისთვის დღეიდან შემდეგი კონკურსანტები იბრძოლებენ: მარიამ გოგიბერიძე, თამარ კაკალაშვილი, დავით რუსაძე, ბარბარა სამხარაძე და თორნიკე ყიფიანი.
კონკურსის ჟიურის წევრები არიან თინათინ ბერძენიშვილი – ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედია-მართვის კომიტეტის წარმომადგენელი, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; დავით ევგენიძე – კომპოზიტორი, საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროდიუსერი; დავით ალადაშვილი – პიანისტი; ნათია თოდუა – მომღერალი.
„საქართველოს ვარსკვლავის“ გამოსავლენად ხმის მიცემის წესი შემდეგია: მხარი დაუჭირეთ თქვენს ფავორიტ კონკურსანტს – ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, დაურეკეთ კუთვნილ ნომერზე, მაქსიმუმ ოც-ოცჯერ, თითო ზარის ღირებულება 80 თეთრია.
ასევე, ხმის მისაცემად „ფეისბუქზე“ უნდა მოძებნოთ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოფიციალური გვერდი, შეხვიდეთ შეტყობინებაში და მონაწილეთა გრაფაში ხმა მისცეთ თქვენს რჩეულს.
„ფეისბუქზე“ ხმის მიცემა შესაძლებელია ყოველდღე, ექვს საათში ერთხელ. „ფეისბუქზე“ ხმის მიცემა უფასოა. თითოეულ ხმას ერთი და იგივე ძალა აქვს.
მუსიკალური მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ ამერიკული American Idol-ის და ბრიტანული Pop Idol-ის ქართული ანალოგია.
„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ქვეყანას 2020 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.
საქართველოს ვარსკვლავი