"საქართველოს სიხარული" - საერთაშორისო ფედერაცია ქართველი ჰოკეისტების წარმატებას გამოეხმაურა
საერთაშორისო ჰოკეის ფედერაციის ვებ-გვერდის ჟურნალისტი ენდი პოტსი ქართველი ჰოკეისტების მიერ სამხრეთ აფრიკაში მიღწეულ წარმატებას გამოეხმაურა –
ქართული ჰოკეი მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის მოგებას ზეიმობს.
მთიანი ქვეყანა, რომელიც კავკასიაში მდებარეობს, საერთაშორისო ტურნირებში 2010 წლიდან ჩაერთო და მსოფლიო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე პირველად 2013 წელს ითამაშა. მათ არც ერთი შეხვედრა არ ჰქონდათ მოგებული, თუმცა სამხრეთ აფრიკაში ოქროს მედალი მოიპოვეს და მეორე “ბ” დივიზიონში დაწინაურდნენ.
ქართული ჰოკეის წარმატების მიზეზი რუსეთში გაზრდილი მოთამაშეები არიან, რომლებიც საქართველოს ნაკრებს ბოლო ორ წელში დაემატნენ. ნაკრების ხუთი საუკეთესო მოთამაშე სპორტსმენად რუსეთში, ან უკრაინაში ჩამოყალიბდა. ტურნირის საუკეთესო მექულე ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი მოსკოვში დაიბადა, თუმცა საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაში არჩია.
საქართველო შემტევ ჰოკეის თამაშობდა. მათ თურქეთი 6:4, ხოლო ბულგარეთი 5:3 დაამარცხეს. ამის შემდეგ ჰონგ კონგი 11:1 გაანადგურეს და ერთადერთი შეხვედრა მასპინძლებთან დათმეს. ტურნირის ბოლო დღეს ქართველმა ჰოკეისტებმა ზუსტად იცოდნენ, რომ პირველი ადგილის შესანარჩუნებლად ტაიპეი უნდა დაემარცხებინათ.
საქართველოს ნაკრებს დასახული მიზნის მიღწევა არ გასჭირვებია – ჟუჟუნაშვილმა ანგარიში 17 წამში გახსნა. პირველი პერიოდის მიწურულს საქართველო უკვე 5:1-ს იგებდა. ხარიზოვმა ჰეთრიქი შეასრულა, ჟუჟუნაშვილმა კი პოკერი და საბოლოო ჯამში მათ 11:2 მოიგეს.
საქართველო სხვა გუნდებისთვის მიუღწეველი გახდა – მათ მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული ტრიუმფით დაასრულეს. ნაკრებში მოთამაშე ჰოკეისტების დიდ ნაწილს ქართული გვარი აქვს და ბევრი მათგანი შიდა ჩემპიონატში ასპარეზობს.
როგორ დაიწყეს საქართველოში ჰოკეის თამაში? პირველად ქართული გუნდი 1962 წლის სპარტაკიადაზე გამოჩნდა. სვედლოვსკში (ეკატერინბურგი) ქართველებმა ყირგიზეთი და სომხეთი დაამარცხეს, თუმცა ყაზახეთთან და ბალტიის რეგიონის სამივე ქვეყანასთან დამარცხდნენ.
თანამედროვე ნაკრები პრაქტიკულად მთლიანად საქართველოს ოთხგუნდა ჩემპიონატში მოთამაშე ჰოკეისტებისგან არის დაკომპლექტებული. საკვირველია, რომ მათი დიდი ნაწილი დედაქალაქის სამ გუნდში არ ირიცხება. ნაკრების ბირთვს ბაკურიანის “მიმინო” წარმოადგენს – ოციდან თერთმეტი ჰოკეისტი სწორედ ამ კლუბის ღირსებას იცავს.
ქართული ჰოკეის პირველი ნაბიჯები რთული იყო – ორი წლის მანძილზე მათ ვერც ერთი გამარჯვება ვერ მოიპოვეს, 2014 წელს კი მათი სტატისტიკა -75 გოლი იყო. ამას 2016 წლის დისკვალიფიკაცია მოჰყვა, თუმცა გუნდი სწრაფად განვითარდა. შარშან სოფიაში საქართველომ ვერცხლი მოიპოვა და ერთადერთი მატჩი ოქროს მედალოსან ლუქსემბურგთან დათმო. ამ წარმატებამ ქართველ ჰოკეისტებს დამატებითი მოტივაცია მისცა და 2018 წელს მეორე დივიზიონში დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში ახლა ისტორიულად მაღალ – 41-ე ადგილს იკავებს.