საქართველოს რადიო - განახლებული ფორმატი და მზადება ახალი სეზონისთვის

პირველ არხზე რეფორმების ახალი ეტაპი  იწყება. 2019 წლის იანვრიდან პირველი არხის რადიოარხები მაუწყებლობას ახალი საეთერო  ბადით დაიწყებენ. სამეურვეო საბჭომ მენეჯმენტის მიერ წარდგენილი პროექტი დაამტკიცა და  რადიო ცალკე სტრუქტურულ ერთეულად გამოყო.

ვასილ მაღლაფერიძე – პირველი არხის გენერალური დირექტორი

ეს არ  არის უბრალოდ სიტყვა რეორგანიზაცია, არამედ ეს იქნება რადიოს აღმავლობა და გაუმჯობესება. წელიწადნახევარი ვემზადებოდით ამისთვის. პირველ რიგში, ეს ხდება იმ რესურსით და გამოცდილებით, რომელიც აქ დაგროვდარადიო ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი არა ფურცელზე, არამედ საქმეში. რადიო ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და თუ ვინმეს ეგონა, რომ რადიოს დრო წავიდა, დრო მოვა და სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ტელევიზიას, არ არის გამორიცხული, დროთა განმავალობაში უკანაც ჩამოიტოვოს.

 

ახალი  პროექტის სამუშაო სახელია „საქართველოს  რადიო“. მისი ორივე არხი (FM 102.4 და FM 100.9) ამ სახელის ქვეშ ქართული რადიომაუწყებლობის ტრადიციებს გააგრძელებს, რომელიც 1925 წლის 23 მაისიდან იწყება. ახლა საქართველოს რადიო მსმენელს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების მიხედვით მომზადებულ პროგრამებს შესთავაზებს.

თინათინ ბერძენიშვილი – პირველი არხის მედიადირექტორი

გვჯერა, რომ ახალ იდეებს და ფორმებს შემოგვთავაზებენ, ეს არის პირველი მაუწყებელი, აქვს სტილი, ვალდებულებები და კონცეფცია, რაც ამდენი წელია არ დაურღვევია და იმედია, კიდევ უფრო მეტი მსმენლი გვეყოლება და თითოეული ადამიანი იპოვის საკუთარ  გადაცემას.

 

რეფორმირებული რადიომაწყებლობისათვის პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა.  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2018-2019 წლის საეთერო სეზონისთვის გადაცემების შესარჩევი კონკურსი უკვე გამოაცხადა. საქართველოს რადიო შემეცნებით, საგანმანათლებლო, კულტურულ, შემეცნებით-გასართობ გადაცემებზე და ორიგინალურ იდეებზე პროექტებს, როგორც პირველი არხის თანამშრომლებისაგან, ასევე ნებისმიერი მსურველისგან ელის. განაცხადების შეტანა 3 სექტემბრიდან ერთი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

ნიკოლოზ ცერცვაძე – რადიო არხების ხელმძღვანელი

 

იმედი გვაქვს, ძალიან საინტერესო იდეები შემოვა და ახალი წლის შემდეგ რადიო იქნება ექსპრესული, დინამიური და რაც მთავარია, უფრო სიღრმისეული.  ისე სწრაფად ვითარდება მედიაბაზარი, რომ ალბათ ყოველწლიურად უნდა იყოს კონკურსები და კვლევები, რათა არ ჩამოვრჩეთ, ვიყოთ ავანგარდში, გაფართოვდეს არეალი და მსმენელმა მოძებნოს ობიექტური ინფორმაცია.

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიოს ახალი არხის დამატებასაც გეგმავს, რომლის პრიორიტეტები კულტურა და ახალგაზრდობა იქნება. მაუწყებლობა ინტერნეტით განხორციელდება, რომლის პროგრამებში ფართოდ იქნება გამოყენებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ოქროს ფონდის უნიკალური ჩანაწერები.

რეფორმები და განახლება რადიომაუწყებლობის ზონის გაფართოებასაც გულისხმობს. ამ კუთხით არსებული პრობლემების მოგვარება უკვე მიმდინარეობს და სულ მალე მსმენელები საქართველოს რადიოს მრავალფეროვან გადაცემებს მთელ ქვეყანაში უპრობლემოდ მოისმენენ.

დატოვე კომენტარი