საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს დღეს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზებას დათანხმდა. პრეზიდენტი მზად არის, „მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით უკვე მიღებულია, საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილოს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი პრეზიდენტთან შეხვედრის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც გიორგი მარგველაშვილმა დაინტერესებულ მხარეებთან, კერძოდ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა დანიშნა. ეს შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მომზადებისა და საპარლამენტო განხილვის პერიოდში შეხვედრა ყველა დაინტერესებულ მხარესთან გაიმართა და საბჭო მზად არის, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე პრეზიდენტს ესაუბროს.

„ასეთი შეხვედრის შემდეგ, თუ ბატონ პრეზიდენტს კიდევ დარჩება კითხვები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, მზად ვიქნებით, ვისაუბროთ შეხვედრის სხვა ფორმატზე“, – წერია მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში.

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით 14 დეკემბერს დაამტკიცა.

დატოვე კომენტარი